„დორტმუნდის” აღმასრულებელი შეფი ჰანს-იოაჰიმ ვაცკე შეგუებულია იმ აზრს, რომ 38 წლის მწვრთნელი ედინ ტერზიჩი, რომელსაც კლუბთან 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი, სეზონის ბოლოს შეიძლება წავიდეს. ტერზიჩის ხელმძღვანელობით „შავ-ყვითლებმა” წლეულს გერმანიის თასი მოიგეს.

WAZ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვაცკემ თქვა: „მართალია, ჩვენ არ გვინდა ასე რომ მოხდეს, მაგრამ თუკი ედინი გვეტყვის, რომ მას სადმე უკეთეს პირობებს სთავაზობენ და გადასვლა უნდა, მზად ვართ ეს ვარიანტი განვიხილოთ”.

WAZ წერს, რომ დაინტერესებულ მხარეს ტერზიჩის სანაცვლოდ ჩვეულებრივი სატრანსფერო თანხა ექნება გადასახდელი, როგორც ეს ფეხბურთელების შემთხვევაში ხდება.

„შპორტ ბილდი” შეგვახსენებს, რომ საფეხბურთო ინდუსტრიაში, კერძოდ კი ბუნდესლიგაში, მწვრთნელების ყიდვა-გაყიდვა ჩვეულებრივ ამბად ყალიბდება. კლუბები თადარიგს იჭერენ და თავიანთ მწვრთნელებს გამოსასყიდ ფასს ადებენ.

თავად „დორტმუნდი”, მაგალითად, „მიონხენგლადბახს” შესაძლო ახალ მწვრთნელ მარკო როზეში 5 მილიონ ევროს უხდის.

„გლადბახი” „ფრანკფურტს” 7,5 მილიონ ევროს გადაუხდის და როზეს ნაცვლად ადი ჰიუტერს მოიყვანს.

„ბაიერნი” „ლაიფციგს” იულიან ნაგელსმანში 20 მილიონ ევროს სთავაზობს. ნაგელსმაანი 33 წლისაა.

მაგრამ, რა ღირს ტერზიჩი, რომლის ფასიც გერმანიის თასის მოპოვების შემდეგ (ფინალი მოუგო „ლაიფციგს” 4:1) მკვეთრად გაიზარდა? მანვე გუნდს საკმაოდ ადრე მოაპოვებინა ჩემპიონთა თასზე გამოსვლის უფლება.

ახალგაზრდა სპეციალისტის ფასი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ რაკი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მყიდველი გამოუჩნდება, ეჭვი არ არის, „დორტმუნდის” ხელძღვანელობა შეეცდება თან იხეიროს და თან ისეთი თანხა არ თქვას, რომ მყიდველი გააქციოს.

თუმცა, „შპორტ ბილდი” არც იმას გამორიცხავს, რომ ტერზიჩი „დორტმუნდში” დარჩება.