საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა და შაბათს პლეი-ოფის პირველი წრის მატჩები გაიმართება: „ოიონა“ „კოლომიეს“ უმაპინძლებს, ხოლო „ბიარიცი“ – „გრენობლს“. ყველა გუნდში ქართველები მოწინავე როლებზე არიან, ამიტომ ვგულშემატკივრობთ ოთხივეს.
ამასობაში, პლეი-ოფს მიღმა დარჩენილმა კლუბებმა მომავალი სეზონისთვის შემადგენლობების გადახალისებას შესდგომიან.
„რუანი“ გავარდნას რის ვაი-ვაგლახით გადაურჩა, არადა ამბიციები გიყვარდეს, ისეთი ჰქონდა. ეტყობა ამიტომაცაა, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრმა თამაზ მჭედლიძემ ამ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა და ჩრდილოური გუნდი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს თაზო თავის კარიერას.
თუმცა „რუანში“ კვლავაც ორი ქართველი იქნება – ვეტერან ბირჯღალოსან კარლენ ასიეშვილს 19 წლის ბურჯი გიორგი ქირია შეუერთდება, რომელიც მანამდე ერთ-ერთ ბელგიურ კლუბში თამაშობდა.
აი, მირიან ბურდულისა და გიორგი კაკაურიძის „ვალანს რომანი“ კი პრო დ2-ს გამოეთხოვა, მაგრამ ბურდულის დარი კვალიფიციური მარჯვენა ბურჯი დაუსაქმებელი აბა როგორ დარჩებოდა? ჰოდა, მირიანმა ახალი კლუბი უმალ მოძებნა – „მონტობანი“ დიდი ტრადიციების კლუბია და ძველი დიდების აღდგენას ლამობს, ამდენად ახალწვეულებს შორის 30 წლის ყოფილი ლოკომოტიველიც ირიცხება, რომელიც თავისი სტაბილურობით გუნდს უთუოდ წაადგება.
აი, ორ ახალგაზრდა ქართველს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს. 22 წლის საბა ყაულაშვილს (ბორჯღალოსანი ლექსოს უმცროს ძმას) „ბორდომ“ აღარ გაუხანგრძლივა კონტრაქტი, ხოლო მისი თანატოლი ჯემალ შათირიშვილი „ორიაკს“ დატოვებს.