თვალცრემლიანმა ჰარი კეინმა სეზონის ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ მოედანს საპატიო წრე შემოუარა. ის იყო მარტო. „ტოტენჰემმა” „ასტონ ვილასთან” 1:2 წააგო.
ამ შეხვედრას, პირველად დიდი ხნის შემდეგ, მაყურებელი დაესწრო. კეინი მათ დაემშვიდობა.
რამდენიმე დღის წინ კეინმა „სფურზის” ხელმძღვანელობას აუწყა, რომ გუნდის დატოვება სურს. მისი გადაბირებით დაინტერესებულები არიან „მანჩესტერ სიტი”, „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი”.
ინგლისურ პრესაში დაისვა კითხვა: რას ნიშნავდა კეინის საპატიო წრე? ეს სეზონის დამთავრების შემდეგ მაყურებლისთვის მადლობის თქმა იყო თუ სხვა კლუბში გადასვლის წინ გამომშვიდობება?
„დეზების” დროებითი მწვრთნელი რაიან მეისონი მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ირწმუნებოდა, რომ ვარსკვლავის საქციელში გასაკვირი არაფერი იყო.
„კეინს უჩვეულო არაფერი ჩაუდენია. ყველა, ვინც ჩვენს სტადიონზე სეზონის ბოლო საშინაო მატჩს დასწრებია, დამეთანხმება, რომ ჰარი სულ ამას აკეთებს — მოედანს საპატიო წრეს უვლის და ფანებს მადლობას უხდის. ამჯერადაც არაფერი შეცვლილა”, — თქვა მეისონმა, რომელმაც დასძინა, რომ ეს სეზონი „სფურზისთვის” წარუმატებელი იყო, მაგრამ ბოლო ტურში, ლესტერში, გუნდი მოგებას შეეცდება და იმედს დაიტოვებს, რომ სატურნირო ცხრილში პოზიციას აიმაღლებს. ამჯერად „სფურზი” მე-7 ადგილზეა, რაც ევროპის კონფერენც ლიგაზე გამსვლელი პოზიცია გახლავთ.
„დეილი მეილი” წერს, რომ მოგვიანებით „ტოტენჰემის” ფეხბურთელები ერთად გავიდნენ მოედანზე და სცადეს, გაბრაზებულ მაყურებელს მისალმებოდნენ. მაყურებელი კი გაუჩერებლად უსტვენდა.
რაც შეეხება ჰარი კეინს, მას მანჩესტერული კლუბები, „სიტი” და „იუნაიტედი”, ხუთწლიან კონტრაქტებს და ხელფასად 80 მილიონ გირვანქას სთავაზობენ.
თავის მხრივ, „ტოტენჰემი” კეინის სანაცვლოდ 150 მილიონ გირვანქას ითხოვს.