კოვიდპანდემია დაერია არგენტინულ „რივერ პლეიტს“. ერთბაშად 20 მოთამაშე დაინფიცირდა, მათ შორის, ოთხივე მეკარეც. არადა, წუხელ კოლუმბიურ „სანტა-ფესთან“ ლიბერტადორესის თასის მატჩი უწევდათ.
ქვეყნის ჩემპიონატის ბოლო ტურში დებიუტანტი, 21 წლის მეკარე ლეონარდო დიასი უთამაშებიათ. მაგრამ ლეონარდო საკოპალიბერტადორესო განაცხადში შეყვანილი არ ჰყოლიათ და ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილან.
მაგრამ გამოსავალი მაინც იპოვნეს. კარში არგენტინის ნაკრებისა და „ვალენსიის“ ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი, 35 წლის ენცო პერესი ჩადგა, რომელიც თურმე მუხლის ტრავმას იშუშებს და მინდორზე სირბილს ვერ შეძლებდა.
ენცომ ჩინებული შეხვედრა ჩაატარა, 5 სეივი გაახერხა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს… რივერმა 2:1 მოიგო.