საქართველოს ნაკრები მალე ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ჩვენები 2 ივნისს რუმინეთს ესტუმრებიან, 6-ში კი ნიდერლანდებს. სწორედ ამ მატჩებთან დაკავშირებით ეროვნული გუნდი 24 მაისიდან შეკრებაზე გადავა, დღეს კი მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ეს თქვა:
„ წინა შეხვედრებში მეტი ქულის აღება შეგვეძლო, მაგრამ ერთს დავჯერდით. დავინახეთ, რომ ჩვენ არ ვართ შორს რაიმე განსაკუთრებულისგან. ცხადია აუცილებელია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ.
გიორგი კუხიანიძე განსხვავებულია სხვა ფორვარდებისგან. იგი დაგეშილია გოლზე და ვფიქრობ, რომ მისთვისაც და ჩვენთვისაც მისი სანაკრებო დონეზე გამოცდა საინტერესო იქნება. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. მნიშვნელოვანია თუ რა ფორმაშია ფეხბურთელი ახლა და არა ის, რა ფორმაში იყო 3-4 წლის წინ.
ვთვლი, რომ ქვილითაიას მეტი შეუძლია. როცა ფეხბურთელი ნაკრებში მოდის, ის ბოლომდე მზად უნდა იყოს. მსურს, რომ გიორგი ფიზიკური კონდიციების მხრივ უკეთ მოემზადოს. მის არგამოძახებასთან დაკავშირებით, ცხადია, პასუხისმგებლობას ვიღებ. ქვილითაია პროფესიონალია და ჩემს გადაწყვეტილებას ზუსტად გაიგებს.
ჩემს თანაშემწესთან ერთად გადავწყვიტე, რომ თბილისში ვიცხოვრო. სასურველია მეტი იცოდე იმ ქვეყნის შესახებ, სადაც მუშაობ. საქართველოს ჩემპიონატთან დაკავშირებით, ცხადია, ჩემი აზრი მაქვს. როცა გვინდა მაღალ დონეზე ვიყოთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადება. იმედია ამ მიმართულებით მალე უკეთესი სიტუაცია იქნება. არის საკითხები, რომლებზეც შეიძლება აქ არ ვისაუბრო, შესაძლოა კლუბების წარმომადგენლებთან მქონდეს საუბარი.
კვარაცხელიას საკმაოდ საინტერესო და რთული სეზონი ჰქონდა. რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გაუცდა. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მასთან მიმართებაში განსხვავებული სიტუაციაა. მთავარია გიორგი ბოლომდე ჯანმრთელი დაბრუნდეს.
ჯაბა კანკავას ტრავმა აქვს და არ გავრისკეთ. იგი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და სექტემბერში აუცილებლად დაგვჭირდება. კანკავას არყოფნისას კაპიტანი კაშია იქნება, თუმცა ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული ითამაშებს თუ არა გურამი.
ამხანაგური თამაშები იმისთვის არის, რომ ახალი ფეხბურთელები გამოსცადო. ბერიძის გამოძახებას დავითაშვილის გამოძახება ვარჩიე..
გრიგალავას ესპანეთთან თამაშის შემდეგ ვესაუბრე. იგი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ძირითადში არ მოხვდა და რუსეთში დაბრუნება ამჯობინა.
ლაზარე კუპატაძე ერთ მატჩს ნამდვილად ითამაშებს. ის ძალიან კარგი მეკარეა და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მას სასტარტოში ვიხილავთ“, – თქვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.