ჰარი კეინმნა „ტოტენჰემ ჰოთსპურს” უთხრა, რომ წასვლა უნდა. ახლა მის ხელში ჩასაგდებად დიდი კონკურენცია გაიმართება. კეინის ფასი 150 მილიონი გირვანქაა.
ინგლისური პრესა წერს, რომ თავდამსხმელის შეძენა ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტის” უნდა. 27 წლის ვარსკვლავის ყიდვა აგრეთვე სურთ „ჩელსისა” და „მანჩესტერ იუნაიტედს”, თუმცა „სფურზის” თავმჯდომარე დენიელ ლევი მაინც ებღაუჭება კეინის შენარჩუნების იმედს და დიდი ფასიც ამიტომ დაადო. ცნობისათვის: „ტოტენჰემში” ჰარი კეინს კვირაში 230 000 გირვანქას უხდიან.
კეინი ინგლისის ნაკრების კაპიტანია, რომელსაც საკლუბო დონეზე არასდროს არაფერი მოუგია. მალე იწყება ევროპის ჩემპიონატი და ფორვარდი ორომტრიალში ჩაებმება. მას უთქვამს, ჩემი მომავლის შესახებ იფიციალურ განცხადებას ევრო 2022-ის დასრულების შემდეგ ელოდეთო, თუმცა „ტოტენჰემისთვის” გაშვება ახლავე მოუთხოვია. სწორედ ამან გააკვირვა ჩრდილოლონდონური კლუბი. კეინს ახალი კლუბის მოძებნა ევროპის ჩემპიონატამდე სურს.
დენიელ ლევი ცუდ დღეშია. როგორც იცით, მან ერთი ხნის წინ მწვრთნელი ჟოზე მოურინიუც გაუშვა და ახალი თავკაცის ძიებაშიცაა.
ინგლისში წერენ, რომ კეინს კლუბისთვის ტრანსფერის თხოვნა წერილობითი ფორმით ჯერ არ გადაუცია, მაგრამ მისმა წარმომადგენლებმა ფეხბურთელის კონტრაქტიდან გათავისუფლება და ადექვატური ფასის დადება მოითხოვეს.
კეინმა ხელშეკრულების თანამხმად „ტოტენჰემ ჰოთსპურში” კიდევ სამი წელიწადი უნდა ითამაშოს.
თავად ფეხბურთელს პრემიერლიგაში სურს დარჩენა. ზემოთ, მასთან თანამშრომლობის მსურველი ინგლისური კლუბებიც ვახსენეთ, მაგრამ კოვიდპანდემიამ საფეხბურთო ბიზნესს ისე დაარტყა, რომ მანჩესტერულ გიგანტებსა და „ჩელსის” ლევის მიერ დაწესებული 150 მილიონი ძალიან კბენთ.
დიდი შანსია კეინით დაინტერესდეს „პარი სენ ჟერმენიც”, რომელსაც „ტოტენჰემის” ყოფილი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო წვრთნის. პარიზელები ინტერესს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში გამოიჩენენ, თუ კილიან მბაპე „რეალში” გაექცევათ.
ზემოთ ვთქვით, რომ კეინს ინგლისში უნდა დარჩენა, მაგრამ პარიზიდან ლონდოში ჩაფრენას კერძო თვითმფრინავით ერთი საათიც არ უნდათ და ამ ვარიანტს ცოლი შეიძლება დაყაბულდეს.
ჰარი კეინს „ტოტენჰემ ჰოთსპურის” შემადგენლობაში 220 გოლი აქვს გატანილი, რაც კლუბის ისტორიაში მეორე შედეგია. ის 46 გოლით ჩამორჩება ჯიმი გრივსს და უკვე 12 გოლით აღემატება ბობი სმიტს.