„რეალის” შანსი, შეინარჩუნოს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ახლა უკვე მცირეა. მიზეზი ის გახლავთ, რომ „ატლეტიკომ” „ოსასუნას” 2:1 მოუგო, თუმცა „ლოს ბლანკოსმა” იმდენი კი მოახერხა, რომ ბრძოლას ბოლო ტურამდე განაგრძობს.

მადრიდელებს ბილბაოში ჰქონდათ ძნელი მატჩი, რომელიც ნაჩოს ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ „რეალის” მცველმა გოლი მაშინ გაიტანა, როდესაც „ატლეტიკოსა” და „ოსასუნას” შეხვედრაში ჯერ კიდევ 0:0 იყო. შესაბამისად, ეგრეთწოდებულ ცოცხალ ცხრილში „თეთრები” თითქმის მატჩის ბოლომდე ლიდერობდნენ, მაგრამ პარალელურად მიმდინარე შეხვედრების მიწურულს „ვანდა მეტროპოლიტანოზე” „ატლეტიკომ” გამარჯვების გოლი გაიტანა და „რეალი” მეორე ადგილს დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ „რეალის” გოლი VAR-ის გადასამოწმებელი გახდა. იმ მომენტში, როდესაც ალვარო ოდრიოსოლა ნაჩოს საგოლე პასს აწვდიდა, ქარიმ ბენზემა თამაშგარე მდგომარეობაში იდგა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ ფრანგი ეპიზოდზე გავლენას არ ახსენდა.

თავის მხრივ, 28-ე წუთზე, „რეალსაც” ჰქონდა საპენალტე პრეტენზია, როდესაც იმავე ოდრიოსოლას ჩაწოდებული ბურთი იონ მორსილოს მოხვდა სხეულის იმ  ნაწილზე, რომელიც მსაჯმა ხელად არ მიიჩნია.

მატჩის შემდეგ, „რეალის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თქვა: „დღეს ერთადერთი რამ, სამი ქულის მოპოვება გვაინტერესებდა. ჩვენ კვლავ საჩემპიონო ბრძოლაში ვართ და ბოლო წამამდე არ დავნებდებით.

საკუთრივ თამაშით კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი იყო. ძნელი მატჩი გახლდათ, მაგრამ იოლს არც ველოდით.

„რეალმა” ბოლო ტურში ორჯერ დაკარგა ტიტული. ახლა, შევეცდებით პირიქით მოხდეს, ბოლოწამს ჩვენ გავიმარჯვოთ.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი „ბილბაოს” კარში, როდესაც ოდრიოსოლას ჩაწოდებული მორსილოს მოხვდა. მსაჯებს თავიანთი საქმე აქვთ. ისინი ცდილობენ თავიანთ ამოცანას საუკეთესოდ გაართვან თავი და სულ ეს არის. მითხრეს, ბურთი მეტოქეს ხელზე მოხვდაო, მაგრამ რაც იყო, იყო”.