ლუის სუარესმა „ატლეტიკოსა” და „ოსასუნას” შეხვედრის 88-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომელიც მადრიდელებს სავარაუდოდ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს მოუტანს. მისი წყალობით „ატლეტიკომ” 0:1 ჩამორჩენა 2:1 მოგებად აქცია. შესაბამისად, ჩემპიონობის ბედი კვლავ დიეგო სიმეონეს გუნდის ხელში რჩება. ახლა, თუკი ლუის სუარესი და კომპანია ლა ლიგის პირველობის ბოლო ტურში „ვალიადოლიდს” დაამარცხებს, ტიტულსაც მოიპოვებს, მაგრამ თუ ქულებს დაკარგავს, „რეალი” კი ამ დროს „ვილიარეალს” აჯობებს, მაშინ „ლოს ბლანკოსი” გახდება ჩემპიონი.
მასპინძელთა უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში 75-ე წუთზე „ოსასუნას” ხორვატმა თავდამსხმელმა ანტე ბუდიმირმა გახსნა. ამ მომენტისთვის „რეალი” ბილბაოში უკვე იგებდა 1:0-ს და „ატლეტიკოს” მატჩის ბედი რომ არ შემოეტრიალებინა, ბოლო ტურში ჩემპიონობის ბედი „თეთრების” ხელში იქნებოდა.
ატლეტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დარჩენილ დროში მათ ურთულესი მდგომარეობის გამოსწორება მოახერხეს. 82-ე წუთზე ანგარიში ბრაზილიელმა მცველმა რენან ლოდიმ გაქვითა, 88-ე წუთის ამბავი კი თავში მოგახსენეთ — სუარესმა მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მე-20 გოლი შეაგდო.
მატჩის დამთავრების შემდეგ, „ატლეტიკოს” მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თქვა: „გუნდმა „რეალ სოსიედადთან” დამქანცველი შეხვედრის შემდეგ შესანიშნავად ითამაშა. ჩვენ გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ სანამ ანტე ბუდიმირმა არ გაგვიტანა, დამაგვირგვინებელ დარტყმაში ვცოდავდით. ბუდიმირის გოლის შემდეგ კი ჩვენც ვუპასუხეთ. ანუ, როდესაც ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, ვერ ვისარგებლეთ, ხოლო ცოტა შესაძლებლობიდან მაქსიმუმი გამოვადნეთ.
როცა ვაგებდით, სულის მოსათქმელი წუთშესვენების დროს, ბიჭებს ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა გაგვეთანაბრებინა, რადგან თუ გავათანაბრებდით, უეჭველად გავიმარჯვებით კიდეც.
საბედნიეროდ, მალე გავქვითეთ, რის შემდეგაც, დიდმა ფეხბურთელმა სუარესმა თავისი გოლი შეაგდო. სუარესი კარისგან მოშორებით იდგა, მაგრამ იქ იყო, სადაც გოლია”.