ამ სეზონში „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი ვეღარ გახდება. ეს ოფიციალურად მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც კატალონიელებმა მშობლიურ „კამპ ნოუზე” „სელტასთან” 1:2 წააგეს.

ანგარიში ლეო მესიმ თავური დარტყმით გახსნა, მაგრამ სანტი მინამ ორი გოლით უპასუხა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმი პირველზე უარესად ჩაატარეს.

მართალია, ისინი თამაშს მეტ-ნაკლებად მაინც აკონტროლებდნენ, მაგრამ როდესან კლემენტ ლენგლემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, „ბლაუგრანას” მდგომარეობა გართულდა.

და მაინც, შეცვლაზე შესულ მარტინ ბრაიტვაითს 89-ე წუთზე შეეძლო გაქვითვა, რაც ვერ მოახერხა.

„იმედი მაქვს, ამ ზაფხულს ლეო მესი „ბარსელონადან” არ წავა, რადგან მან დღესაც ყველას აჩვენა რომ ყველაზე ეფექტური ფეხბურთელია.

ის მსოფლიოში საუკეთესოა.

მის გარეშე თამაში შეუძლებელია.

მეორე მხრივ კი ლეო მარტოა, თავისთვისაა, მარტოს გააქვს, მარტო იგებს, მაშინ როდესაც ჩვენ გოლის გამტანი მეტი ფეხბურთელი გვჭირდება.

ლეომ მიმდინარე სეზონში 30 გოლი შეაგდო და ბევრი ქულა მოგვიტანა, მაგრამ მისი წასვლა-დარჩენის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ლეო თუ წავა, ჩვენ აღარ ვიცით ვინ გაიტანს გოლებს”, — თქვა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ბარსას” მწვრთნელმა რონალდ კუმანმა.