პრო დ2 საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა კია, მაგრამ გლობალურად რომ შევაფასოთ, მასზე ძლიერი ევროპაში მხოლოდ ფრანგულივე ტოპ 14, ინგლისის პრემიერშიპი და შოტლანდიურ-უელსურ-ირლანდიურ-იტალიურ-აფრიკული პრო 14 არიან. პრო დ2-ში უამრავი ტოპ-მორაგბე თამაშობს და მათ შორის ქართველებიც ბლომად არიან.
ეს შესავალი იმად დაგვჭირდა, რათა ამ ლიგაში 2020-2021 წლების რეგულარული სეზონის დასრულების შესახებ მოგვეთხრო, თანაც თუ დაქვეითებულების ვინაობა ცნობილი გახდა, ტოპ 14-ში, ამსვლელები პლეი-ოფის შემდეგ გამოვლინდებიან. ამასთან, პირდაპირ საგზურს მხოლოდ ჩემპიონი მიიღებს, ხოლო ფინალისტი ტოპ 14-ში ბოლოსწინა ადგილზე გასულს გაეჯიბრება.
დავიწყოთ აუტსაიდერებით. შალვა სუთიაშვილის (19 მატჩი, 2 ლელო, 1 სინბინი), ლუკა გოგინავასა (28 მატჩი, 2 ლელო, 1 სინბინი) და ზაურ თევდორაშვილის (19 მატჩი, 1 სინბინი) „ანგულემის“ დაქვეითების ამბავი ხომ ისედაც ცნობილი იყო, ბოლო ტურის შემდეგ კი მას „ვალანს რომანი“ შეუერთდა, რომლის ღირსებასაც ბურჯები მირიან ბურდული (27 მატჩი, 1 სინბინი) და გიორგი კაკაურიძე (6 მატჩი) იცავდნენ. ორივე ხსენებული კლუბი მომავალ სეზონში ნასიონალ ლიგაში იასპარეზებს.
კონტინენტის ალბათ უძლიერეს ლიგაში აღზევებისთვის კი 6 მოწინავე გუნდი იბრძოლებს. ვეტერანი ბორჯღალოსნის დუდუ ქუბრიაშვილისა და ახალგაზრდა ვახტანგ ჯინჭარაძის „პერპინიანმა“ რეგულარული სეზონი დიდი უპირატესობით მოიგო, მეორეზე კი უქართველებო „ვანი“ გავიდა და ეს გუნდები პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაებმებიან. ცნობისთვის, დუდუმ 21 მატჩი ჩაატარა და 1 ლელო გაიტანა, ხოლო ვახტანგმა 11 თამაშში მიიღო მონაწილეობა.
მესამე-მეექვსე ადგილებზე გასულები კი მოგვიანებით დაწყვილდებიან – როცა ვეტერანი ბორჯღალოსნის, ბექა შეყლაშვილის (21 მატჩი, 1 სინბინი) „კოლომიე“ „მონ-დე-მარსანთან“ გადადებულ მატჩს გამართავს და გაირკვევა, ვინ იქნება მეხუთე და ვინ – მეექვსე: „კოლომიე“ თუ „გრენობლი“, რომლის შემადგენლობაშიც ილია კაიკაციშვილმა 21 მატჩი ჩაატარა, ნიკა ნეფარიძემ – 18, ხოლო ახალგაზრდა ნიკა ღვალაძემ – 5.
მესამე ადგილზე ბასკური „ბიარიცი“ გავიდა, რომლის ღირსებასაც იცავდნენ დღევანდელი ბორჯღალოსნები გიორგი ნუცუბიძე (20 მატჩი) და თორნიკე ჯალაღონია (11 მატჩი, 3 ლელო), ასევე ჩვენი ნაკრების მწვრთნელთა თვალთახედვის არეალში მყოფი ახალგაზრდა ბურჯები ლუკა აზარიაშვილი (21 მატჩი) და უშანგი ჭეიშვილი (17 მატჩი). მათ გარდა ბასკურ გუნდში ვახტანგ ახობაძეც ასპარეზობდა (11 მატჩი). ამდენად, „ბიარიცის“ წარმატებაში ქართველთა წვლილი საკმაოდ შთამბეჭდავია.
დაბოლოს, მეოთხე ადგილოსანზეც: „ოიონას“ შემადგებლობაში სამმა ქართველმა ითამაშა. ახალგაზრდა ალექსი სვიანიძემ 2 მატჩი ჩაატარა, ბექა კაკაბაძემ – 15, ხოლო ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ირაკლი მირცხულავამ – 22.