„ბარსელონასთვის” საჩემპიონო ბრძოლა ახლა ეტყობა მართლა დამთავრდა. ყოველ შემთხვევაში, კატალონიური პრესა ასე წერს: არც დაცვა ვარგოდა, არც კუმანის ცვლილებებმა გაამართლა და „სახურავიც ისევ „ლევანტესთან” ჩამოიქცა”.

კატალონიელები მასპინძლებს თავიდან 2:0-ს უგებდნენ, მაგრამ მეტოქემ გაქვითა. შემდეგ ისევ „ბარსა” გავიდა წინ — მეტი თითქოს რაღა გინდა, — მაგრამ „ლევანტემ” კიდევ გაათანაბრა და თამაში, რომელიც „ბლაუგრანას” აუცილებლად უნდა მოეგო, ფრედ დასრულდა.

„ბარსელონას” ცხრილში პირველ ადგილზე გადასვლა და ამით „ატლეტიკოზე” ფსიქოლოგიური ზემოქმედება შეეძლო, მაგრამ გეგმა ჩაუვარდა. დღეს, დიეგო სიმეონეს გუნდი „რეალ სოსიედადს” უმასპინძლებს, „რეალი” კი ხვალ „გრანადასთან” ჩავა სტუმრად.

„მწვრთნელების ბედი ყოველთვის სასწორზეა, — თქვა რონალდ კუმანმა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე, — თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ ასეთი საშინელი მეორე ტაიმის შემდეგ, ჩემი საკითხი სერიოზულად დადგება. გაწბილებულები ველოდებით, რა მოხდება. ახლა, ის დროა, მომდევნო სეზონზე დავიწყოთ ფიქრი.

მწვრთნელი ყოველთვის პასუხისმგებელია. შესვენებისას, გასახდელში ჩვენ დაცვის გაძლიერებაზე და ინტენსიობის შენარჩუნებაზე ვილაპარაკეთ.

2:0-ს ვიგებდით და გამარჯვების იმედი გვქონდა. ასეთი უპირატესობის შემდეგ ფრეს და ორი ქულის დაკარგვას არავინ ელის. გვინდოდა სამივე დარჩენილი თამაში მოგვეგო და ვფიქრობდით, რომ სხვები წაბორძიკდებოდნენ. ახლა, უკვე ძნელია ჩემპიონობა. თამაში 90 წუთს გრძელდება. მეორე ტაიმში დაცვაში უხეშად ვცდებოდით. ძნელია ახსნა, რა მოხდა. ამის მიხვედრა შეუძლებელია”.