ნახევარი ცხოვრება კი გავიდა, მაგრამ ემოცია ჯერაც ვერ განელდა.

Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии – კოტე მახარაძის გულიდან ამოხეთქილი ეს ფრაზა საბჭოთა პოლიტკორექტულ ჩარჩოებში ნამდვილად ვერ ჯდებოდა, მაგრამ იმ წამს გენიალურ კომენტატორს ჩვენი, თბილისელების, მთელი საქართველოს მზიანი ღამის წევრობა სურდა.

13 მაისამდე ბევრი წელი, უდიდესი შრომა, დაწყვეტილი ნერვები და გაწყვეტილი ქანცი იყო. ეს გზა „დინამომ“ და ქომაგებმა ერთად გავიარეთ. ჩვენ წამითაც არ დავეჭვებულვართ მათ მაგრობაში და ისინი ჩვენს ერთგულებაში. ამიტომაც მივედით იქამდე, სადაც მივედით.

13 მაისი მხოლოდ დიუსელდორფის „რაინშტადიონი“ და იენის „კარლ ცაისი“ არ არის.

რით არ იყო ფინალის ფასი „ვესტ ჰემთან“ ლონდონური ტრიუმფი?! წინა დღით ლონდონში რუსთაველის თეატრმა „რიჩარდ III“ წარადგინა. მეორე დღეს ლონდონური პრესა გულდაწყვეტით წერდა: „ქართველებმა შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლეს“. ერთ რამედ ღირდა!

რით არ იყო ფინალის ფასი „ფეიენოორდთან“ თბილისური ფეერია ან როტერდამული თრილერი, როცა ჩვენმა ბიჭებმა მეტოქეს, ნამუსგარეცხილ მსაჯს და საკუთარ ნერვებს ერთად მოუგეს?! მერე კი იყო ის, რაც გონებაში ვერასოდეს წაიშლება. დათო ყიფიანის ჟონგლიორული ჟესტი, კისერზე გაჩერებული ბურთი და რწმენა – როცა შენი გუნდის დირიჟორი ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი ასეთი ცივსისხლიანია, თასთან „კარლ ცაისს“ არავინ მიუშვებს.

40 წელმა 40 დღესავით გაირბინა. იმ დიდი ისტორიის ბევრი მწერალი უკვე ზეციურ საქართველოშია, მაგრამ საკუთარ თავს ყველა მათგანმა სიცოცხლეშივე დაუდგა ძეგლი.

მაშინ „დინამო“ ხომ თბილისი არ იყო – ყველაზე პაწაწკინტელა სოფლისაც ისე იყო, როგორც თბილისის და ემოციამაც ერთბაშად ვულკანივით ამოხეთქა. თან ისე, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ისევ გვინათებს 13 მაისის ღამეს…

ჩვენ კი წილად გვხვდა პატივი და დიუსელდორფის ტრიუმფიდან 40 წლის თავზე ამ დიდი ისტორიის თანაზიარნი გავხდით. 13 მაისს პრესის გავრცელების ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ შეიძინოთ „სარბიელის“ და „დინამოს“ სპეციალური პროექტით შექმნილი 40-გვერდიანი საკოლექციო ნომერი. ყველა მონაწილე და ყველა დეტალი, აქამდე უცნობი ფაქტები და უნიკალური ფოტოები – 40 გვერდში ჩატეული ქართული ფეხბურთის ისტორიის ყველაზე ლამაზი ფურცელი.