უკვე კარგა ხანია დადის ხმები, რომ „ბარსელონას” ლეგენდა ჩავი ერნანდესი „კამპ ნოუზე” დაბრუნდება. ჩავის კატალონიაში ბევრი რონალდ კუმანის შემცვლელად განიხილავს, მაგრამ ესპანეთის რვაგზის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულმა ქომაგებს იმედი გაუცრუა. „ალ სადის” თავკაცმა გადაწყვიტა კონტრაქტი ყატარის კლუბთან გაახანგრძლივოს.
პრეს-კონფერენციაზე ჩავიმ განაცხადა, რომ „ბარსაში” მისი შესაძლო გადასვლის ამბავი ტყუილია.
„სადაცაა „ალ სადთან” განვაახლებ კონტრაქტს. ხმები, თითქოს აქაურობას ვტოვებ, სიმართლე არ არის. სიამოვნებით გავაგრძელებ მუშაობას ამ კლუბთან და ფეხბურთელებთან”, — თქვა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა.
ჩავი „ალ სადს” 2019 წლის ივლისიდან წვრთნის. მის ახლანდელ ხელშეკრულებას ვადა სულ მალე, 30 ივნისს გაუდის, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს უდაბნოელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.