თამაშის დამთავერბამდე თხუთმეტიოდე წუთი რჩებოდა. „რეალს” „სევილიასთან” შეხვედრაში ანგარიში ახალი გათანაბრებული ჰქონდა და მოგებაზე იწყებდა ფიქრს. მადრიდელთა კართან სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს, მასპინძლებმა საჯარიმოდან ბურთი გამოიტანეს, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ქარიმ ბენზემა მეტოქის კარისკენ გაიჭრა, საჯარიმოში შეირბინა და იქ მაროკოელმა მეკარემ ბონომ წააქცია. მადრიდი აშკარა პენალტს ელოდა, მაგრამ… თურმე, ჯერ მათ საჯარიმოში ჩაწოდებული კუთხურის ამბავი ყოფილა გასარჩევი. VAR-ს ეჭვი გაუჩნდა, რომ ედერ მილიტაომ ხელით ითამაშა. მსაჯი ხუან მარტინეს მუნუერა თავად მივიდა მონიტორთან და… გადაწყვიტა, რომ პენალტი „რეალს” კი არა, „სევილიას” უნდა დაერტყა. ივან რაკიტიჩმა წინ კვლავ სტუმართა გუნდი გაიყვანა.
„მარკამ” ეპიზოდის გარჩევა ყოფილ მსაჯს ხუან ანდუხარ ოლივერს სთხოვა. ექსპერტმა თქვა: „ბურთი მილიტაოს ჯერ მხარზე მოხვდა და შემდეგ ხელზე. ეს იყო სრულიად შემთხვევითი ამბავი. ამ ეპიზოდში პირადად მე პენალტის დასანიშნად საკმარისი მიზეზი ვერ დავინახე. პენალტი „სევილიას” კარში უნდა დანიშნულიყო, სადაც ბონომ ბენზემა აშკარად მოცელა”.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ამავე ეპიზოდის კომენტირება „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანსაც ჰკითხეს. ფრანგმა მიუგო:
„მე ერთი რამ ვერ გავიგე. თუკი მილიტაომ ხელით ითამაშა, რამდენიმე წუთით ადრე, თავის საჯარიმოში, ასევე ხელით ითამაშა „სევილიას” ფეხბურთელმა. მსაჯს ამის შესახებ ვკითხე და მან ისეთი ვერაფერი მიპასუხა, თავისი გადაწყვეტილების სიმართლეში რომ დავერწმუნებინე. საერთოდ, მსაჯებზე ლაპარაკი არ მჩვევია, მაგრამ დღეს გაბრაზებული ვარ. თუმცა, რა გაეწყობა, რაც მოხდა, მოხდა. ვეღარაფერს შევცვლით. ბიჭებით კმაყოფილი ვარ. გუნდმა მეორე ტაიმში ბრწყინვალედ ითამაშა”.
მართლაც, „რეალმა” კიდევ ერთხელ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ტონი კროოსის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი მოედანზე ახალშესულ ედენ აზარს მოხვდა და ასხლეტით სტუმრების კარში შევარდა. თამაში დასრულდა 2:2, მაგრამ თუკი ამ მატჩამდე ლა ლიგის ტიტულის ბედი თავად მადრიდელთა ხელში იყო, ახლა ვითარება შეიცვალა.
35 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე 77 ქულით კვლავ „ატლეტიკოა” და თუ სამივე დარჩენილ თამაშს მოიგებს, 75 ქულით მეორე-მესამე ადგილზე მყოფი „რეალი” და „ბარსელონა” ვეღარ დაეწევიან. „სევილია” კი 71 ქულით მეოთხეზე დარჩა.
ბოლო სამ ტურში „ატლეტიკო” უნდა ეთამაშოს შინ „რეალ სოსიედადსა” და „ოსასუნას”, ხოლო ბოლო ტურში სტუმრად „ვალიადოლიდს”.
რაც შეეხება „რეალისა” და „სევილიას” შეხვედრის პირველ ორ გოლს. სანამ ზემოთ აღწერილი დრამა დატრიალდებოდა, 22-ე წუთზე ანგარიში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფერნანდომ გახსნა, 67-ე წუთზე კი ტონი კროოსის პასით მარკო ასენსიომ გაქვითა.