და კვლავ, სეზონში, რომელიც ყველას წამხდარი ეგონა, „ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ასე მოხდა 2012-ში და იგივეა 2021-შიც. მაშინ, 9 წლის წინ, გუნდს მწვრთნელი შუა სეზონში შეუცვალეს — ანდრე ვილაშ-ბოაშის ნაცვლად რობერტო დი მატეო დანიშნეს და მან ფინალში „ბაიერნი” დაამარცხა. ახლა, 21-ში, შუა სეზონში, ფრენკ ლემპარდის ნაცვლად თომას ტუხელი მოვიდა და… დასავლეთლონდონელთა გუნდი ისევ ფინალშია. ამჯერად „მანჩესტერ სიტია” დასამარცხებელი.
იანვარში, როდესაც ტუხელი „სტემფორდ ბრიჯზე” მიიყვანეს, ასეთი ამოცანა დაუსვეს: პრელიერლიგის ოთხეულში უნდა მოხვედრილიყო, რათა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ეთამაშა. და ინებეთ, პრემიერლიგაში გუნდი 34 ტურის შემდეგ სწორედაც მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატს თავი დავანებოთ — თუ „ლურჯები” „მანჩესტერ სიტის” მოუგებენ ისინი არათუ მომავალ ლიგაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ, არამედ ახლანდელი ლიგის გამარჯვებულები გახდებიან.
სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ სეზნში ეს უკვე მეორე ფინალია, როდესაც ერთმანეთს ორი ინგლისური გუნდი ხვდება.
სიმბოლურია ისიც, რომ მატჩის პირველი და ფრიად მნიშვნელოვანი გოლი ტიმო ვერნერმა გაიტანა. ამაში სიმბოლური რა არის? ის, რომ გუნდის მსგავსად ვერნერიც მთელი სეზონი ჯახირობდა და ახლა გამოფხიზლდა. და გოლიც რაღაცნაირი იყო… მეკარის საჯარიმო ბაქნიდან შეაგდო. ახლომახლო არავინ ედგა. მოკლედ, ისეთი გოლი იყო, თვის ულამაზესი გოლის კონკურსში ნამდვილად რომ ვერ გაიმარჯვებს.
მაგრამ, ყველა გოლი გოლია. ლამაზი და ულამაზო მხოლოდ ესთეტიკის საკითხია და არა ანგარიშის. გოლმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაგიყვანა, შეიძლება კარიერა შემოგიტრიალოს და ამიტომ ულამაზესიც აღმოჩნდეს.
ასეა თუ ისე, ვერნერი მებრძოლი კაცია და მან „ჩელსის” ყულაბას გვარიანი თანხა შეჰმატა.
მეორე გოლი, თამაშის მიწურულს მეისონ მაუნტმა შეაგდო.
ინგლისური პრესა წერს, რომ „ლურჯების” ამ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მის მეპატრონეს რომან აბრამოვიჩს მიუძღვის. სწორედ რუსმა მილიარდერმა მიიყვანა გუნდში ის ფეხბურთელები, რომლებიც ნახევარფინალში საკვანძო ფიგურები აღმოჩნდნენ — ნგოლო კანტე, კაი ჰავერცი, ედუარ მენდი — თავად ტუხელზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ლემპარდის დროს, გერმანელი მცველი ანტონიო რუდიგერი სათადარიგოდ იყო ქცეული, ტუხელმა კი ამოქაჩა და ერთ-ერთ წამყვან ფიგურად აქცია…
და კიდევ, „ჩელსიმ” ორი თამაშის ჯამში 3:1 მოუგო გუნდს, რომელმაც მისგან ტიბო კურტუა და ედენ აზარი წაიყვანა…
მორიგი საინტერესო ფაქტი: „რეალი” ლა ლიგის პირველი გუნდი არ იყო, რომელიც „ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ფლეი-ოფიდან გამოთიშა. მერვედფინალში „ლურჯებმა” ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი, „ატლეტიკო” გააგდეს.
თომას ტუხელი: „დღეს ბევრი მომენტი გავუშვით ხელიდან, „რეალთან” კი ეს საშიშია, რადგან მის ფეხბურთელებს ნებისმიერ წამს შეუძლიათ არაფრიდან გოლი შექმნან. საბედნიეროდ, ჩვენ არ გავტყდით, არ გავჩერებულვართ, მეორე გოლს ვეძებდით და მეტოქეს ხეირიანი შეტევის საშუალებას არ ვაძლევდით. დაჟინება გვეტყობოდა ყველაფერში, მოძრაობაში, გამომეტყველებაში.
ბედნიერი ვარ ასეთი სულისკვეთებით რომ ვითამაშეთ. ჩემს ბიჭებს ფინალში გასვლას ვულოცავ”.
ზინედინ ზიდანი: „ჩელსი” დამსახურებულად გავიდა ფინალში. ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მათ კი ფინალში თამაში დაიმსახურეს. „ჩელსი” მართლა ძალიან ძლიერი იყო. მან გვაჯობა.
ჩვენ კი, მართალია, ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, ესპანეთის ჩემპიონატში ოთხი თამაში დაგვრჩა, ამიტომ ძალები უნდა გამოვნახოთ და ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ძლიერად გამოვედით, ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მაგრამ ახლა მთავარია სეზონი რაც შეიძლება კარგად ჩავამთავროთ”.