იტალიურმა „რომამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ჟოზე მოურინიუსთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ.
პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდს მომდევნო სეზონის დასაწყისში ჩაიბარებს და 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. აქამდე „რომას“ პაულუ ფონსეკა თავკაცობდა და კლუბის ბოსები ისედაც არ იყვნენ მისით აღფრთოვანებულნი, ბოლო წერტილი კი ევროპის ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერთან“ 2:6 მარცხი გახდა. ფონსეკა გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.
მოურინიუს კი იტალიაში სერიოზული შლეიფი მოსდევს: მან თავის დროზე „ინტერთან“ ერთად ორი სკუდეტო, ქვეყნის თასი და სუპერთასი და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ჟოზეს ბოლო სამუშაო ადგილი „ტოტენჰემი“ იყო, საიდანაც ერთი თვის წინ გაათავისუფლეს.