საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. იურგენ კლოპმა თქვა, რომ მას გამოჯანმრთელებისა არაფერი ეტყობა. ვარჯიშის განახლებამდე შესაძლოა კვირები იყოს წინ.

ინგლისის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატს ხორვატიასთან მატჩით 44 დღეში იწყებს. კლოპმა თქვა: „სანამ ჰენდერსონი ვარჯიშს შეუდგება, ჯერ ბევრი ეტაპია გასავლელი. მწყობრში ჩადგომამდე შორი გზაა”.

„ლივერპული” სეზონის ბოლო მატჩს 23 მაისს „კრისტალ პალასთან” ატარებს. ჰენდერსონი, სავარაუდოდ ვერც ამ შეხვედრაში ითამაშებს.

აქ, მნიშვნელოვანია, რომ 24 მაისს ინგლისის ნაკრების თავკაცი გარეთ საუთგეიტი ევრო 2022-ზე წასაყვან ფეხბურთელთა საბოლოო სიას გამოაქვეყნებს.

30 წლის ჰენდერსონმა საზარდული თებერვალში იტკინა და შეუერთდა დაშავებულ მერსისაიდელთა სიას, რომელშიც შედიან ვირჯილ ვან დაიკი, ჯო გომესი და ჟოელ მატიპი.

კლოპმა დასძინა: „არიქა, ღვედი შეიკარი, ეს ბიჭები შემდეგ კვირაში უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშებენო, ჩემთვის არავის უთქვამს. საერთოდ, როდესაც გამოჯანმრთელებული ფეხბურთელები სარეაბილიტაციო ძუნძულს იწყებენ, ჯერ მხოლოდ პირდაპირ დარბიან”.

ბარემ აქვე დავძინოთ, რომ გერმანელს სამომავლო ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის იმედიც აღარ ეტყობა. „წითლები” მეოთხე ადგილზე მყოფ „ჩელსის” 4 ქულით ჩამორჩებიან. „ჩელსი” დღეს დაჩაჩანაკებულ „ფულემს” ხვდება, „ლივერპული” კი ხვალ „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერრ იუნაიტედთან” თამაშობს.

„იუნაიტედმა” ხუთშაბათს ევროლიგაში „რომას” მოუგო 6:2, მაგრამ საეჭვოა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ისეთი ქანცგაწყვეტილი იყოს, რომ ხვალ „ლივერპულთან” ვერ ირბინოს.

კლოპი: „მანჩესტერელები ხუთშაბათის შემდეგ კვირაობით თამაშს დაჩვეულები არიან. მათ ამ სეზონში დამქანცველი ხუთშაბათის შემდგომ კვირა დღეს ბევრ კარგ შედეგს მიაღწიეს, ასე რომ მეშინია”.

და კიდევ, კლოპს თავისი გუნდის თავდასხმის იმედი არ აქვს.

„ბოლო სამ შეხვედრაში 36 საგოლე მომენტი შევქმენით და მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ. ესე იგი, პრობლემა საკუთარი თავის რწმენაშია. ამიტომ, ჩვენ ცეცხლზე ნავთი აღარ დავასხით და ფეხბურთელებს მთელი კვირის განმავლობაში არ ვუყვირეთ: ეს როგორ მოგივიდათ! ასეთი პოზიციებიდან როგორ ვერ გაიტანეთ გოლები!

ჩვენ ვიმუშავეთ, ჩანაწერებს ვუყურეთ, ვილაპარაკეთ და, რასაკვირველია, „მანჩესტერ იუნაიტედს” შევებრძოლებით.

თუკი ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოვხვდებით, ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ ის კი ვუთხარით ბიჭებს, რომ ამ შეხვედრაში სათამაშოდ ყველაფერი აქვთ”.