„ლივერპულის”, „რეალისა” და „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა ჩაბი ალონსომ თავისი ხუთი რჩეული ფეხბურთელი დაასახელა. ალონსომ ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ბევრი დიდი ვარსკვლავის მხარდამხარ თუ წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო მისმა ძველმა თანაგუნდელმა ჯეიმი კარაგერმა თავის პოდკასტში The Greatest Game მათგან რამდენიმეს გამოყოფა სთხოვა. კარაგერმა ბასკს ხუთკაცა ფეხბურთის „დრიმ თიმი” შეადგენინა.
ალონსომ, რომელიც დღეს „რეალ სოსიედადის” B გუნდს წვრთნის, თავისი გუნდის მეკარედ მანუელ ნოიერი დაასახელა. მათ „ბაიერნში” სამი წელიწადი გაატარეს ერთად.
„ჩემთვის საუკეთესო მეკარე, ვინც მინახავს და ვის მხარდამხარაც მითამაშია მანუელ ნოიერია. მას ყველა ის სუპერძალა აქვს, რომელიც გოლკიპერმა შეიძლება ინატროს: საკუთარი თავის ფლობა, თამაშის წაკითხვის უნარი, სივრცისა და მანძილის შეგრძნება, მაღალ ბურთზე თამაშის ნიჭი, ძლიერი პიროვნული თვისებები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის არასდროს ნერვიულობს”, — თქვა ყოფილმა ნახევარმცველმა.
ხუთკაცა გუნდის დაცვაში ჩაბი ალონსომ „რეალისა” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, ორივეგან თანაგუნდელი სერხიო რამოსი ინატრა.
„ჩვენ წლობით ვთამაშობდით ერთად. მან ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. დაამყარა უამრავი რეკორდი: ნაკრებში თამაშების რაოდენობით ყველას აჯობა, ოთხჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული… რამოსი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია”.
ნახევარდაცვაში კი ალონსომ ზინედინ ზიდანი ისურვა.
„ზიდანმა ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია. ის არ თამაშობდა, ის ცეკვავდა. მე მისი სტილი აღმაფრთოვანებდა. ბავშვობიდან აღტაცებით შევყურებდი”.
ნახევარდაცვაში ზიდანის მეწყვილედ ჩაბი ალონსომ ლეგენდარული დიეგო მარადონა შეარჩია.
„მამაჩემმა იცოდა, რომ მე დიეგო მარადონას თითქმის მეგობრად აღვიქვამდი. ის ხატებაა, უდიადესია, მეტია ვიდრე ფეხბურთელი.
მარადონა ფეხბურთში იგივეა, რაც კრივში მუჰამედ ალი იყო. ის მუდამ ეხსომებათ, მაგრამ არა მარტო ფეხბურთის მოყვარულებს, არამედ ზოგადად ადამიანებს. მან კვალი მარტო ფეხბურთს კი არა, ცხოვრებას დააჩნია”.
ჩაბი ალონსოს ხუთკაცა გუნდის თავდამსხმელი კი ბრაზილიელი რონალდო ნაზარიო დე ლიმაა.
„რონალდო უმაღლესი დონის, ტოპ თავდამსხმელი იყო. 16-17 წლისა ვუყურებდი მას და ის ჩემზე იმხელა გავლენას ახდენდა, რომ სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. მოგვიანებით მე ახლოდან ვუყურე კრიშტიანუსა და ლეო მესის, მაგრამ თვალწინ მაინც სულ ბრაზილიელი რონალდუ მედგა”.