პირველი წრე ეროვნულ ლიგა 2-შიც დასრულდა. თუმცა, შესვენება ხანგრძლივი არ იქნება. უკვე 28-29 აპრილს მე-10 ტურის მატჩები გაიმართება.
ლიდერი ბოლნისის „სიონია.“ ქვემოქართლელებმა შესანიშნავი გაზაფხული ჩაატარეს. პირველი შვიდი მატჩიდან შვიდივე მოიგეს და მხოლოდ მე-8 ტურში დამარცხდნენ უშუალო მდევარ „გაგრასთან.“ ჯამში მათ 9-დან 8 შეხვედრაში გაიმარჯვეს და ლიგის რეკორდიც დაამყარეს.
არც არის გასაკვირი, ვარლამ კილასონიას, რომელიც პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, საკმაოდ კარგი, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს გუნდში და შედეგიც სახეზეა. თუნდაც კაპიტანი დათა სიჭინავა და გიორგი კორიფაძე, რომლებმაც 5-5 გოლი გაიტანეს და კვალში უდგანან ლიგის მთავარმეგოლეებს. მე-9 ტურში „სიონმა“ თბილისის „მერანი“ სწორედ სიჭინავას დუბლით დაამარცხა (2:1). საინტერესოა, რომ გამარჯების გოლი დათამ პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა.
„სიონში“ თამაშობენ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, სანდრო კობახიძე და 37 წლის გოგიტა გოგუა, თუმცა ამჟამად საუკეთესო ფორმაში არ არიან.
„სიონს“ ფეხდაფეხ მისდევს „გაგრა,“ რომელსაც შარშან სულ ცოტა დააკლდა ელიტაში დასაბრუნებლად, „ტორპედოსთან“ დამარცხდა ორმატჩიან ფლეი აუტში. სამაგიეროდ, ქვეყნის თასს დაეუფლა და ამ ზაფხულს უეფას კონფერენს ლიგაზე უწევს თამაში.
გაგა კირკიტაძე ახალგაზრდა სპეციალისტია, თავადაც „გაგრას“ აღზრდილია და გუნდიც ახალგაზრდული ჰყავს. გამოჩნდა ლიდერიც – 25 წლის თამაზ მაქაცარია, რომელმაც 8 შეხვედრაში 9 ბურთი გაიტანა. ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს და პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
სამეულს მარტვილის „მერანი“ ასრულებს. ცოტნე მონიავას გუნდს სტაბილურობა აკლია. ლიდერი კაპიტანი კიჭი მელიავაა. ჰყავთ მეორე გამორჩეული კაცი, მალელი შეიკნე სილა, რომელმაც 8 მატჩში 6-ჯერ გამოიჩინა თავი და მაქაცარიას კვალში უდგას.
საინტერესო გუნდია „გარეჯიც.“ საგარეჯოელებმა ლიგა 2-ში მეოთხე ლიგიდან სულ რამდენიმე წელიწადში ამოაღწიეს და ახლა იოლი მეტოქე არავისთვის არიან. წარმატებას უმთავრესად 36 წლის ლაზარე დათუნაშვილს უკავშირებენ. საგარეჯოელია და ფეხბურთიც უთამაშია. ახლა კი მენეჯერობის ნიჭიც გამოიჩინა და საქმეც დაიძრა.
მთავარი მწვრთნელი კი 45 წლის თენგიზ კობიაშვილია, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს უფრო მოთამაშეობისას „ვიტ ჯორჯიიდან“ ეხსომებათ.
დაბოლოს, ალბათ ყველა ჩვენთაგანის წუხილი – „ჩიხურა.“ გუნდი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობდა. ახლა კი, ლიგა 2-დანაც ვარდება, აშკარა აუტსაიდერია…
გაგრა | 27 | 18 | 7 | 2 | 58:18 | 61 |
სიონი | 27 | 19 | 3 | 5 | 51:24 | 60 |
მარტვილი | 27 | 13 | 7 | 7 | 48:36 | 46 |
გარეჯი | 27 | 13 | 3 | 11 | 38:34 | 42 |
მერანი თბ. | 27 | 10 | 9 | 8 | 47:37 | 39 |
ზუგდიდი | 27 | 10 | 2 | 15 | 32:54 | 32 |
შევარდენი | 27 | 7 | 10 | 9 | 31:34 | 31 |
რუსთავი | 27 | 7 | 6 | 14 | 32:41 | 27 |
ვიტ ჯორჯია | 27 | 5 | 12 | 10 | 23:35 | 27 |
ჩიხურა | 27 | 1 | 3 | 23 | 16:63 | 6 |
მეგოლეები: თამაზ მაქაცარია (გაგრა) – 9, შეიკნე სილა (მერანი, მარტვილი) – 6, დათა სიჭინავა, გიორგი კორიფაძე (ორივე – სიონი) – 5