ევროპის სუპერლიგა ჩაიშალა, თუმცა ესპანეთის ორი გრანდი, „ბარსელონა” და „რეალი” მაინც მის წევრებად რჩებიან. ინგლისურ პრესაში კი, ბობოლათა ელიტური სამყაროს შექმნის მცდელობას „ბინძური თორმეტის გაქცევა” შეარქვეს და ხაზს უსვამენ, რომ „ბარსას” ახალარჩეული პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა „ხეტაფესთან” ლა ლიგის გუშინდელი თამაშის წინაც კი იმას ამბობდა, ასეთი შეჯიბრება აუცილებლობად უნდა შემოვიღოთო.
„ამგვარი ლიგის შექმნა აუცილებელია. ჩვენ ეროვნული ჩემპიონატების მომხრე ვართ და ამის შესახებ უეფას ვეტყვით. ჩვენ გონიერების მომხრეები ვართ, თუმცა საბოლოო ნაბიჯს მაინც იმის მიხედვით გადავდგამთ, როგორც ჩვენი კლუბის წევრები იტყვიან.
ფეხბურთში დიდ კლუბებს დიდი წვლილი აქვთ, ამიტომ თანხების განაწილებაში უნდა ვმონაწილეობდეთ.
სუპერლიგა იქნება სპორტულ პრინციპებზე დაფუძნებული საინტერესო შეჯიბრება.
უეფასთან დიალოგისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, საბოლოოდ გავუგებთ ერთმანეთს,” — თქვა ლაპორტამ.
პრეზიდენტის ამ გამოსვლის შემდეგ კი, „ბარსელონამ” ხეტაფეს 5:2 მოუგო, მაგრამ ლაპორტას გუნდს ხუთივე გოლი თავისი ოფლითა და ნიჭით არ გაუტანია. ერთი, უკიდურესად კურიოზული გოლი „ხეტაფემ” საჩუქრად უძღვნა. ის 28-ე წუთზე მაროკოელმა სოფიან შაკლამ თავის კარში შეაგდო.
საინტერესოა, რომ შაკლას გოლი ამ შეხვედრის ერთადერთი ავტოგოლი არ იყო. 6 წუთით ადრე თავის კარში ბარსელონელმა ფრანგმა კლემენტ ლენგლემაც გაიტანა და ლეო მესის გახსნილი ანგარიში გაათანაბრა.
შემდეგ, მესიმ მეორე გოლი დაამატა — 3:1.
მეორე ტაიმში, ენეშ უნალის მიერ პენალტით გატანილმა გოლმა „ხეტაფეს” იმედი ჩაუსახა, რომ ანგარიშს კიდევ ერთხელ გაათანაბრებდა, მაგრამ მესის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს რონალდ არაუხომ ისეთი თავური დასხო, რომ ანგარიში 4:2 გახდა. ბოლოს კი მესიმ პენალტის დარტყმის უფლება დიდსულოვნად დაუთმო ანტუან გრიზმანს, რითაც თავის მორიგ ჰეთ-თრიქზე უარი თქვა, თანაგუნდელს კი გოლი შემატა.
ამრიგად, „ბარსელონა” ლა ლიგაში მესამე ადგილზეა, ლიდერ „ატლეტიკოს” 5 ქულით ჩამორჩება და თამაშიც აქვს მარაგში.