ინგლისური ფეხბურთის „დიდი ექვსეული” ევროპის სუპერლიგას გამოეთიშა, მაგრამ მაინც რეფორმატორულ განწყობაზეა. ახლა მათ პრემიერლიგის გარდაქმნა უნდათ. ის, რაც დღეს გვაქვს, გაუმჯობესებას საჭიროებსო.
იდეა ასეთია: გადაიბირონ „რეინჯერსი” და „სელტიკი”. ანუ, შეიქმნას ბრიტანული ლიგა, რომელშიც პრემიერლიგის კლუბებს ორი შოტლანდიური გიგანტი შეემატება.
ეს წინადადება ევროპის სუპერლიგის იდეაზე რეალისტური ჩანს, რადგან ჯერ ერთი რეფორმა ერთი სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთის ფარგლებში მოხდება; მეორეც, ევროშეჯიბრებებში ეროვნული ჩემპიონატის გზით მოხვედრის პრინციპს არავინ შეეხება და მესამე — ჩემპიონატს შეემატება ორი ძლიერი გუნდი ისტორიული და კომერციული „ოლდ ფირმ დერბით”.
ისმის კითხვა: რამდენად მოეწონებათ თავიანთი უძლიერესი გუნდების დაკარგვა სქოთებს? ბრიტანულ მედიაში ვარაუდობენ, რომ მოეწონებათ კი არა, გაუხარდებათ, რადგან სანამ „რეინჯერსი” და „სელტიკი” შოტლანდიის ჩემპიონატში არიან, სხვა გუნდები ჩემპიონები ვერ ხდებიან. მათი ბრიტანეთის ლიგაში გადასვლის შემთხვევაში კი სქოთთა პრემიერლიგაში თამაშს სხვებისთვისაც მიეცემა აზრი.
ბრიტანეთის პრემიერლიგის შექმნის იდეა „ლივერპულს” და „მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნით, ოღონდ ეს აზრი მათ გუშინ ან დღეს არ მოსვლიათ.
პრემიერლიგამ, თავიანთი შეჯიბრებისა და ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზი ამერიკულ კომპანია „ბოსტონ კონსალტინგს” შეუკვეთა და დაწვრილებით მოხსენებას ივნისში ელის, მაგრამ თავმჯდომარემ რიჩარდ მასტერსმა თქვა, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნება ნამდვილად არ ივარგებს.
რეფორმა შეიძლება გუნდების რაოდენობასაც შეეხოს. დიდი ხანია ყველა ანალიტიკოსს პლუს ფიფა და უეფა ინგლისელებს პრემიერლიგაში გუნდების 18-მდე შემცირებას ურჩევს.
ამას დაამატეთ, რომ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატების გაერთიანების მომხრეა. ასე მაგალითად, ის ბელგიისა და ჰოლანდიის პირველობების ერთ ლიგად ჩამოყალიბების იდეას მიესალმა. ეჭვი არ არის, იგივე მოხდება ერთიანი ბრიტანული ლიგის შექმნის შემთხვევაში.
და ბოლოს, წესით, „რეინჯერსისა” და „სელტიკის” „ადრიანეს კედლის” სამხრეთით ჩამოსვლამ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც უნდა გაახაროს, რადგან შოტლანდიაში მზადდება მეორე რეფერენდუმი დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ და ასეთ დროს საპირისპირო ტენდენციის გამოჩენას შესაძლოა პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდეს.