როგორც მოსალოდნელი იყო, უეფას აღმასკომმა ევროთასების ახალი ფორმატი დაამტკიცა და გამოაცხადა. ის 2024-25 წლების სეზონიდან შევა ძალაში.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ამასთან დაკავშირებით თქვა: „ჩვენი ახალი ფორმატი ამყარებს ეროვნული ჩემპიონატების სტატუსსა და მომავალს. მის მთავარ პრინციპად რჩება ის, რომ ევროპულ შეჯიბრებებში გუნდი შეიძლება მოხვდეს მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატიდან.
განახლებული ფორმატი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ოცნებასა და შანსს ნებისმიერ გუნდს უტოვებს. სათამაშო ოსტატობის ამაღლების გზით ყველას შეუძლია მიაღწიოს მიზანს და ხანგრძლივ ვადაში ყველას შეუძლია იყოს სიცოცხლისუნარიანი, აყვავდეს და განვითარდეს. განვითარება, მხოლოდ კლუბების მცირე, თვითგამოცხადებული კარტელის უპირატესობა არ იქნება”.
ჩეფერინმა თქვა, რომ ისეთი დეტალები, როგორებიცაა ახალ შეჯიბრებაში მოხვედრის პრინციპები, კლუბების კოეფიციენტების განსაზღვრა, განთესვის სისტემა, კალენდარი, ფინანსების განაწილება და სხვა, წლის ბოლოსთვის გამოცხადდება და თუ საჭირო იქნება, ამ ეტაპზე დამტკიცებულ ფორმატშიც შევა გარკვეული ცვლილებები.
ახლა, რაც შეეხება თავად სისტემას:
ჩემპიონთა ლიგაში გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება, რაც შეჯიბრებას ჯგუფური ფორმატიდან ერთიანი ლიგის ფორმატში გადაიყვანს. პირველ ეტაპზე, NBA-ს ტერმინი რომ მოვიშველიოთ, რეგულარური ჩემპიონატის პერიოდში (მას ალბათ მაინც „ლიგის ეტაპი” ერქმება), თითოეულ მონაწილეს გარანტირებული ექნება 10 მატჩი 10 სხვადასხვა მოწინააღმდეგესთან — ხუთი შეინ და ხუთი სტუმრად.
მეორე ეტაპი იქნება პლეი-ოფი, სადაც ავტომატურად მოხვდება ცხრილში პირველ 8 ადგილზე გასული გუნდი. იმისათვის, რომ მეორე ეტაპზე გადასული გუნდების რაოდენობა 16-მდე შეივსოს, „რეგულარულ ჩემპიონატში” 9-24 ადგილებზე გასული გუნდები დაწყვილდებიან და ასევე პლეი-ოფის პრინციპით გაარკვევენ 8 გამარჯვებულს.
ანალოგიური ფორმატით ჩატარდება ევროლიგისა და ევროკონფერენს ლიგის შეჯიბრებები, იმ განსხვავებით, რომ ევროლიგაში „რეგულარ ჩემპიონატში” (ლიგის ეტაპზე) თითოეული გუნდი ჩაატარებს 8 თამაშს, ხოლო ევროკონფერენს ლიგაში ექვსს.
ამ ორ შეჯიბრებასთან დაკავშირებით მოსალოდნელია კამათი თემაზე: ხომ არ გავზარდოთ მონაწილე გუნდების რაოდენობა აქაც 36-მდე?
როგორ მოხვდებიან გუნდები ჩემპიონთა ლიგაში? რასაკვირველია, ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებული გამოსვლის გზით, მაგრამ დავაზუსტოთ დეტალები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეჯიბრებაში გუნდების რაოდენობა იზრდება 32-დან 36-მდე. დამატებითი გუნდები შეირჩევიან შემდეგნაირად:
უპირველეს ყოვლისა, შეჯიბრებას დაემატება უეფაში შემავალ ეროვნულ ფედერაციათა რანგით მეხუთე ფედერაციის მესამეადგილოსანი.
კიდევ ერთი ადგილი მიეცემა ჩემპიონ გუნდს, რომელიც ეგრეთწოდებული „ჩემპიონთა გზით” მოიპოვებს შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას — ამ ხერხით გასული გუნდების რაოდენობა ოთხიდან ხუთამდე გაიზრდება. უფრო მარტივად რომ ვთქვად, ლაპარაკია ზაფხულის შესარჩევ ეტაპში წარმატებულ რომელიმე ქვეყნის ჩემპიონზე.
ბოლო ორი ადგილი კი ერგება იმ კლუბებს, რომელთაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოიპოვეს ყველაზე მაღალი კოეფიციენტი და მართალია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ უთამაშიათ, მაგრამ ყოფილან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ფაზაში, ევროლიგასა ან ევროკონფერენს ლიგაში.
ფინალამდე ყველა თამაში გაიმართება შუა კვირაში, რითაც ხაზი გაესმება ეროვნული ჩემპიონატების მნიშვნელობას.