აირია მონასტერი! ვეღარავინ გაიგებს ვინ ვის რატომ ებრძვის და აკრიტიკებს. აგერ, გუშინ, გარი ნევილმა იკითხა, იურგენ კლოპს სხვა საქმე არ აქვს, ჩემზე რომ არ იფიქროსო? არადა, ევროპის სუპერლიგის საკითხში თანამოაზრეები არიან…
კლოპისა და ნევილის შეკამათება ნევილის ერთმა ნათქვამმა გამოიწვია, რომელსაც შეგახსენებთ: „40 წელიწადია „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი ვარ, მაგრამ სრულიად გამანადგურა იმან, რაც მოხდა. ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” საქციელმა გამაბრაზა.
არადა, „ლივერპულს” პრეტენზია აქვს ჰიმნზე You’ll Never Walk Alone, რითაც ცდილობს დაამტკიცოს, რომ სახალხო გუნდია, ფანების კლუბია…”
გარი ნევილი გააბრაზა და გაანადგურა ინგლისის „დიდი ექვსეულის” გადაწყვეტილებამ, შეუერთდნენ ბობოლა კლუბების დაარსებულ ევროპის სუპერლიგას.
კლოპი კი წუხელ უხასიათოდ იყო. მისი „ლივერპული” ლიდსში 1:0-ს იგებდა მაგრამ… 87-ე წუთზე გაშვებული გოლის გამო ორი ქულა დაკარგა. და ასეთი გამაღიზიანებელი შედეგის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე სუპერლიგის შესახებ ჰკითხეს. ამ კითხვას კლოპმა, რატომღაც, სუპერლიგის საკითხში მისი თანამოაზრე ნევილის მწვავე კრიტიკით უპასუხა:
„გარი ნევილმა You’ll Never Walk Alone-ზე ილაპარაკა. გულწრფელად გეუბნებით, ეს აკრძალული უნდა იყოს. ეს ჩვენი ჰიმნია და არა ნევილის. მას ამისი არაფერი ესმის, ამიტომ ასე ლაპარაკი საჭირო არ არის. ეს უსამართლობაა.
მე ყველაფერი კარგად ვიცი და თავად არ მომწონს რაც ხდება, მაგრამ სხვა კლუბებზე არ ვლაპარაკობ. რასაკვირველია, შეიძლება ემოციურად გამოხვიდე, მაგრამ… ვისურვებდი გარი ნევილი სადმე საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებდეს და მუდამ იქით არ გარბოდეს, სადაც ბევრი ფულია.
ის ხან „მანჩესტერ იუნაიტედშია”, ხან „სქაიში”… არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ყველანი ერთ დღეში ვართ. აგერ, მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ რაც ხდება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ფეხბურთის თამაში უნდა განვაგრძოთ”.
გარი ნევილმა კლოპის ნალაპარაკები უპასუხოდ არ დატოვა. მან თქვა:
„რა არის უსამართლობა? იცით, ცხოვრების განმავლობაში „ლივერპულისთვის” შეურაცხყოფა მართლაც ბევრჯერ მიმიყენებია, მაგრამ ახლა საწყენი არაფერი მითქვამს. ვერ მივხვდი, რატომ იფიქრა ამდენი ჩემზე. რა ალაპარაკებდა?
გუშინ ფეხბურთში მიმდინარე ამბებით აღშფოთებული ვიყავი და ვთქვი, რომ ერთნაირად დამწყვიტეს გული „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ლივერპულმა”. რა არის ამაში პრობლემური?
კიდევ, კლოპმა საპასუხისმგებლო სამსახურზე თქვა რაღაც. 25 წელიწადი „მანჩესტერ იუნაიტედში” ვიყავი და 11 წელიწადია „სქაიში” ვმუშაობ. ორივეგან, პოზიციის შესანარჩუნებლად ბევრს ვმუშაობდი. არც ერთი ადგილი უჩუქებია ჩემთვის ვინმეს და არც მეორე.
არასდროს მქონია არჩევანი. სერ ალექს ფერგიუსონს არასდროს უთქვამს: გარი თუ გინდა ჩვენთან იყავი.
გარდა ამისა, ქალაქში 600 ადამიანი მყავს დასაქმებული და პანდემიაში მათ სამსახურს ვუნარჩუნებ. მეტი რა საპასუხისმგებლო საქმეს ითხოვს კლოპი ჩემგან? ეს საკმარისი არ არის?
კლოპმა „ლივერპულში” დიდი საქმე შეასრულა. მე მომწონს როგორ მუშაობს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მას საკუთარმა შეფებმა უღალატეს. ავტობუსის ქვეშ შეაგდეს.
ზოგადად მე და ის „თანაგუნდელები ვართ”. საერთო აზრი გვაქვს, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ მე როცა მინდა, რასაც მინდა იმას ვიტყვი, ის კი ვერა.
ვიცი, კლოპს სუპერლიგა ეზიზღება, მაგრამ იძულებულია საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ წავიდეს”.