საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ „ლიონთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალი სეზონიდან ამ კლუბის ღირსებას დაიცავს.
რაღა თქმა უნდა, ეს დიდი ნახტომია 22 წლის ბორჯღალოსნის კარიერაში, მაგრამ მის ამ წინსვლაში გასაკვირი არაფერია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საღინაძე საქართველოს ნაკრების შეუცვლელ მოთამაშედ კარგა ხნის წინ ჩამოყალიბდა, რაც შარშანდელ „შემოდგომის ერთა თასზეც“ დადასტურდა. საღინაძემ ტურნირი ძალზე სტაბილურად ჩაატარა, ხოლო ფიჯელებთან დაპირისპირებაში საუკეთესო იყო.
როცა ნაკრები ისვენებდა, ბექა პრო დ2-ის ერთობ სუსტ კლუბში – „ორიაკში“ გამოდიოდა. ამ გუნდში საღინაძე მესამე სეზონს ატარებს და პირველობის 27 ტურიდან 14-ში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 13 შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ნაკრებში მის ანგარიშზე 20 მატჩი და 3 ლელოა. ამდენად, „ლიონის“ ინტერესი მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.
რაც შეეხება ბექა საღინაძის მომავალ კლუბს, „ლიონი“ ბოლო წლებში ტოპ-14-ის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და მიმდინარე სეზონშიც საჩემპიონო პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.