რა მოხდა ასეთი ერთ დღეში? „ვოლფსბურგთან” თამაშის წინა დღეს, პრეს-კონფერენციაზე, „ბაიერნის” მწვრთნელ ჰანსი ფლიკს რომ ჰკითხეს, სამომავლოდ რა გაგმები გაქვთო, ასე უპასუხა: „ყველანი — მწვრთნელები თუ ფეხბურთელები — სამ მოახლოებულ თამაშზე ვართ მობილიზებულები („ვოლფსბურგი”, „ლევერკუზენი”, „მაინცი”), ამის შემდეგ კი ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა. ეს კვირა ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია”.
და აი, დასრულდა თამაში. „რეკორდმაისტერმა” „ვოლფსბურგს” 3:2 მოუგო და ფლიკი თავის ფეხბურთელებთან ერთად გასახდელში შევიდა. დამარცხებული გუნდის მწვრთნელი და მოთამაშეები ინტერვიუებს აძლევდნენ, „ბაიერნიდან” კი არავინ ჩანდა. თურმე, ფლიკი მოთამაშეებს ეუბნებოდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან მიდის. თუ რატომ იქცევა ასე, მწვრთნელს არ უთქვამს.
დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, ფლიკი გასახდელიდან გამოვიდა და ჯერ „სქაის” მისცა ინტერვიუ, შემდეგ ARD-ს და ZDF-ს.
და უცნაური ის იყო, რომ ამ ინტერვიუების შემდეგ ბავარიელთა თავკაცი ისევ ტელეკომპანია „სქაის” წამყვან იენს ვესტენს მიუბრუნდა.
ვესტენი: — გავიგე, რომ რაღაცის თქმა გსურთ…
ფლიკი: — დიახ, დღეს გუნდს ვუთხარი, რომ „პარი სენ ჟერმენთან” თამაშის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას წასვლის სურვილი გავუმჟღავნე. ამ სეზონში დავასრულებ ჩემს კონტრაქტს და წავალ.
შემდეგ ჰანს დიტერ ფლიკმა ნდობისთვის დიდი მადლობა გადაუხადა „ბაიერნის” შეფებს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს, ული ჰიონესს და ჰერბერტ ჰაინერს. მოკლედ ყველას, ჰასან სალიჰამიჯიჩის გარდა.
როგორც „შპორტ ბილდი” წერს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მედიაში ფლიკის „ბაიერნიდან” წასვლის შესახებ ბევრს ლაპარაკობდნენ, მწვრთნელის სატელევიზიო გამოსვლა ყველასთვის მოულოდნელი იყო, მათ რიცხვში კლუბის ხელმძღვანელობისთვისაც.