„რეალმა” „ბარსელონა” 2:1 დაამარცხა, კატალონიელთა მწვრთნელი რონალდ კუმანი კი მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
შეხვედრაში, რომელშიც ორივე კართან უჩვეულოდ ბევრი მომენტი შეიქმნა, მადრიდელთაგან გოლები ქარიმ ბენზემამ და ტონი კროოსმა გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი ოსკარ მინგუესამ გამოიჩინა.
ლოგიკურია, რომ შეხვედრის ბოლო დაძაბული იყო: ერთ წუთში მიღებული ორი ყვითლის გამო მოედნიდან „რეალის” ნახევარმცველი კაზემირო გააძევეს; ბარსელონელმა მორიბამ ხარიხას გაარტყა ბურთი, რაც საერთოდ ბოლო აკორდი გამოდგა; მანამდე კი იყო ეპიზოდი, სადაც ბარსელონელებმა პენალტი დაინახეს, მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ კი ვერა.
ამ მომენტის ვიდეოჩანაწერს ქვემოთ გთავაზობთ.
მატჩის შემდეგ „ბარსას” თავკაცმა რონალდ კუმანმა თქვა: „თუ „ბარსას” ფანი ბრძანდებით, აუცილებლად გაბრაზდებოდით.
მე ერთადერთ რამეს ვითხოვ — მსაჯების სწორ გადაწყვეტილებებს. ჯერ ერთი პენალტი არ დანიშნეს; შემდეგ, მას მერე, რაც მთავარ არბიტრს ამუნიცია სამი წუთის განმავლობაში მოჰყავდა წესრიგში, თამაშს მხოლოდ ოთხი წუთი დაამატეს.
პენალტზე ლაპარაკი არ არის. ეს იყო პირწმინდა დარღვევა. არსებობს მსაჯი, თანამსაჯი, VAR-ი. რატომ არ დანიშნეს მათ თერთმეტმეტრიანი დარტყმა?
არა, „ბარსას” მსაჯობის გამო არ წაუგია. ასე შორს არ შევტოპავ. პირველი ტაიმი არ ვარგოდა, გუნდმა ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა. მოწინააღმდეგეს კონტრშეტევებისთვის დიდ სივრცეებს ვუტოვებდით. და მაინც, მატჩის მსვლელობისას იყო მომენტები, რომელთა შესახებაც უნდა ითქვას — პენალტი აშკარა იყო. ეს ყველამ დაინახა. აი, ასეთ დროს უნდა დაეხმაროს მსაჯს VAR-ი. ის ამისთვის არსებობს”.
სერხი რობერტო: „მე მათ წინ ვიდექი და ვფიქრობ, მენდი ბრაიტვაითს შეეხო. მე იმან გამაღიზიანა, რომ ეპიზოდი VAR-ზე არც კი გადაამოწმეს. უცებ მიჩქმალეს. ბოლოს და ბოლოს, თუ პენალტი არ იყო, დაე, VAR-ს ეთქვა ეს”.