პეპ გვარდიოლა წინააღმდეგი არ იქნება, თუკი სერხიო აგუერო მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში დარჩება და „მანჩესტერ სიტის” რომელიმე მეტოქის ფორმას მოირგებს.
„სანმა” შეიტყო, რომ „ქალაქელების” ლეგენდას ინგლისიდან წასვლა არ უნდა. ის 32 წლის არის და მაისში „ეტიჰედზე” გამოსვლას ამთავრებს.
რომელ კლუბებს უნდათ კუნ აგუეროს ყიდვა? უპირველეს ყოვლისა ლაპარაკობენ „ჩელსიზე”, შემდეგ კი ახსენებენ „ტოტენჰემს”, „მანჩესტერ იუნაიტედს” და „სიტის” დღევანდელ მეტოქეს, „ლიდსსაც”.
გვარდიოლა ამბობს, რომ მისთვის მთავარია აგუერო თავს კომფორტულად გრძნობდეს და სულ არ ადარდებს, შემდეგ სეზონში გავა თუ არა ის მოედანზე „სიტის” წინააღმდეგ:
„მე მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ „მანჩესტერ სიტიში” მისთვის ყველას საუკეთესო გვინდა. სერხიომ კარიერის ბოლო წლებში საუკეთესო ვარიანტი უნდა იპოვოს. ჩვენ ყველანი კმაყოფილები დავრჩებით თუკი ის შეძლებს აარჩიოს ვარიანტი, რომელიც პირადად მისთვის და მისი ოჯახისთვის იქნება კომფორტული.
მე რა მირჩევნია? მე ის მირჩევნია, რაც ურჩევნია მას. რაც მისთვის იქნება საუკეთესო, ის იქნება საუკეთესო ჩვენთვისაც”.
მიმდინარე სეზონში „სიტიმ” აგუერო ხეირიანად ვერ გამოიყენა — მან ყველა შეჯიბრებაში ერთად მხოლოდ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.
გასულ კვირას, როდესაც გვარდიოლამ აგუერო, ლესტერში, სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ არგენტინელი თამაშს ვერ ამწვავებდა, გოლი ვერ გაიტანა. ამაზე „სიტის” თავკაცმა თქვა:
„ის სპეციფიკური და რთული თამაში იყო. აგუეროს უკან ჩასვლა და ბურთისთვის ბრძოლა უწევდა. თავდამსხმელებისთვის ეს არასასურველი სცენარია.
და მაინც, ლესტერში ის ჩვენ ძალიან დაგვეხმარა, თუმცა, შემდეგ ფეხის ტკივილი იგრძნო და შევცვალეთ. ახლა, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდება. სერხიო ყველასთვის საყვარელი პიროვნებაა, რომელსაც, როგორც ფეხბურთელს, გამორჩეული თვისებები აქვს”.