ამ თამაშს მაყურებლის გარდა არაფერი აკლდა. ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ფინალიდან 227 დღეში „ბაიერნი” და „პარი სენ ჟერმენი” კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად მეოთხედფინალში. შარშანდელი ფინალი ბავარიელებმა მოიგეს — 1:0, გუშინდელ გიჟურ თამაშში კი ფრანგულმა გუნდმა იმარჯვა — 3:2.
ზოგადი სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ბაირნმა” პსჟ-ს ამ შეხვედრაშიც აჯობა: კარში დარტყმები – 31:6, კუთხურები – 15:1.
მატჩის დამთავრების შემდეგ თომას მიულერმა „სქაი სპორტს” უთხრა: „დღეს, მკვლელის ინსტინქტი რომ გვქონოდა, რაც ხშირად გამოგვარჩევს სხვათაგან, სულ სხვა შედეგი იქნებოდა. 6:3 რომ მოგვეგო, საყვედური არავის წამოსცდებოდა”.
მიულერი, ცხადია, რობერტ ლევანდოვსკის ტრავმას გულისხმობდა.
ლიგის მოქმედ გამარჯვებულს პარიზში, საპასუხო შეხვედრაში, ორი გოლით სჭირდება გამარჯვება.
ბავარიელთათვის ეს მარცხი იმიტომაც იყო გულსატკენი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, 35 წლის მანუელ ნოიერი შეცდა, რაც მას იშვიათად ემართება. მან მე-3 წუთზე, პირველი გოლის დროს ვერ გადაარჩინა გუნდი — 0:1. კილიან მბაპეს პასი ნეიმარმა მიმააწოდა.
მეორე გოლი 28-ე წუთზე გავიდა. საგოლე პასი ისევ ნეიმარმა შეასრულა, თუმცა ამჯერად გოლი მარკინიოსმა გაიტანა — 0:2.
ისედაც უიღბლო „ბაიერნს” ტრავმებმაც უმუხთლა: 33-ე წუთზე ლეონ გორეცკა ალფონსო დევისმა შეცვალა, ხოლო 37-ე წუთზე ნიკლას ზულეს მაგივრად მოედანზე ჯერომ ბოატენგი შევიდა.
და მაინც, „ბაიერნმა” ანგარიში გაათანაბრა: 37-ე წუთზე ბენჟამენ პავარის ჩაწოდებულს ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა დასცხო თავური და სხვაობა შეამცირა — 1:2; 60-ე წუთზე კი თომას მიულერმა ასევე თავურით გაქვითა.
ამის შემდეგ, თავდადებულმა მიულერმა ყველა ღონე იხმარა გამარჯვება მიუნხენის გუნდს რომ მოეპოვებინა. 63-ე წუთზე თავიც დაუსისხლიანდა და მაისური გამოსაცვლელი გაუხდა. „ბაიერნი” უტევდა, მომენტებს ქმნიდა, მე-80 წუთისთვის კარში 25-ჯერ ჰქონდა დარტყმული, მაგრამ… 68-ე წუთზე მბაპემ კიდევ ერთი შესანიშნავი გოლი შეაგდო — 2:3. ამჯერად მას ასისტენტობა ანხელ დი მარიამ გაუწია.
საინტერესო ფაქტია, რომ „ბაიერნის” მწვრთნელისთვის ჰანსი ფლიკისთვის ჩემპიონთა ლიგაში ეს პირველი მარცხი იყო.
და რა მოხდება საპასუხო შეხვედრაში? სტატისტიკა „რეკორდმაისტერის” წინააღმდეგაა: პირველ მატჩში შინ წაგების შემდეგ, მიუნხენელები შემდეგ ეტაპზე არასდროს გასულან.