„კადისისა” და „ვალენსიას” შეხვედრა 36-ე წუთზე გარკვეული ხნით შეწყდა. მიზეზი: „ვალენსიას” ფრანგი მცველი, 24 წლის მუკტარ დიაკაბი მასპინძელთა ესპანელმა მცველმა 31 წლის ხუან კალამ რასისტულად შეურაცხყო. კერძოდ რა უთხრა კალამ დიაკაბის, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ფრანგმა იმ სიტყვების გამეორება არ იკადრა. თანაგუნდელის მხარდასაჭერად ვალენსიელებმა მოედანი დატოვეს და გასახდელში შევიდნენ. მოგვიანებით შეხვედრა განახლდა, მაგრამ აღელვებულმა დიაკაბიმ სკამზე დარჩენა ამჯობინა. ის შეცვალეს.
მოგვიანებით, „ვალენსიას” მარცხენა მცველმა ხოსე გაიამ თქვა, რომ მათ დაემუქრნენ — თუ მოედანზე არ დაბრუნდებოდნენ, ქულებს დააკლებდნენ.
„კადისმა” 2:1 მოიგო. გაიამ კი მატჩის დამთავრების შემდეგ ასე მოყვა: „გასახდელში გვითხრეს, რომ თუ თამაშს არ გავაგრძელებდით, სანქციებს დაგვიწესებდნენ. ჩვენ დიაკაბს ვკითხეთ, როგორ გრძნობდა თავს და რას იტყოდა შექმნილ მდგომარეობაზე. მან გვიპასუხა, რომ თავად არ ითამაშებდა, მაგრამ თუ ჩვენ სასჯელის თავიდან არიდების მიზნით მოედანზე დავბრუნდებოდით, გაგვიგებდა. ამის შემდეგ ჩვენ დაბრუნება გადავწყვიტეთ”.
მატჩის შემდეგ, „კადისმა” გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც კლუბი გმობს რასიზმს და აცხადებს, რომ ყველა რასისტი უნდა დაისაჯოს, თუნდაც ის მათი გუნდის წევრი იყოს. ამავე განცხადებაში წერია, რომ მათ სწამთ ხუან კალასი, რომელიც უმსგავს საქციელს არ ჩაიდენდა.
ლა ლიგას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
„ვალენსია” და „კადისი” ცხრილში მეზობლები არიან. 29 ტურის შემდეგ ვალენსიელებს 33 ქულა აქვთ და მე-12 ადგილზე არიან, კადისელებს კი 32 ქულით მე-13 პოზიცია უჭირავთ.