„ვაშინგტონ ვიზარდსის“ კალათბურთელი რასელ ვესტბრუკი გახდა NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც სამმაგი დუბლი 35 ქულითა და 20-ზე მეტი პასით მიითვალა.
ვესტბრუკმა „ინდიანა პეისერსთან“ (132:124) მოგებულ მატჩში 35 ქულა, 21 პასი და 14 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ვესტბრუკი სამმაგი დუბლების საერთო რაოდენობით ლიგის ისტორიაში მეორე კალათბურთელია. 32 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 162 სამმაგი დუბლია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ოსკარ რობერტსონს (181) ჩამორჩება.
„ინდიანას“ 20 წლის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ კი, მოედანზე 7 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 8 ქულა, თითო მოხსნა, პასი და დაფარება შემატა. აღსანიშნავია, რომ გოგამ თამაშიდან ყველა სროლა ჩააგდო – 1 სამქულიანი და 2 ორქულიანი. 2 საჯარიმოდან კი – ერთი.