ეს უკვე ოფიციალურია: სეზონის ბოლოს სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტიდან” მიდის. 32 წლის არგენტინელი „ქალაქელთა” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია — 384 შეხვედრაში 257 გოლი გაიტანა.
აგუერო „სიტიში” 2011 წელს „ატლეტიკოდან” გადავიდა. მანჩესტერელებმა მადრიდელებს თავდამსხმელში 35 მილიონი გირვანქა გადაუხადეს და მისი დახმარებით ბევრი ტიტული მოიპოვეს, მათ შორის ოთხჯერ გახდნენ პრემიერლიგის ჩემპიონები.
ახლა კი „ეტიჰედ სთედიუმზე” ახალი ერა იწყება. პეპ გვარდიოლა „დორტმუნდისგან” ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის ყიდვას აპირებს და სურს ევროპულ ფეხბურთში „მანჩესტერ სიტის” ბატონობის ეპოქა დააყენოს.
ინგლისურმა კლუბმა ორშაბათს განაცხადა, რომ სერხიო აგუეროს ძეგლს დაუდგამს. არგენტინელის ძეგლი გვერდს ესპანელი დავიდ სილვასა და ბელგიელი ვინსენტ კომპანის ძეგლებს დაუმშვენებს. სილვასა და კომპანის ძეგლები ჩამოსხმის პროცესშია.
აგუერომ, „სიტის” ოფიციალურ განცხადებას სოციალურ ქსელში მადლიერების გულთბილი წერილით უპასუხა.
სერხიო, იმავე კუნ აგუეროს მადლობისა და ქების სიტყვებით მიმართა ინგლისური კლუბის თავმჯდომარემ ხალდუნ ალ მუბარაქმა. მან ვეტერანს ლეგენდა უწოდა.