მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში დღეს სერბეთი და პორტუგალია 4 ქულით თანაბრად არ იქნებოდნენ, მსაჯებს შეხვედრის წამატებულ წუთებში კრიშტიანუ რონალდუს აშკარა გოლი რომ დაენახათ და ჩაეთვალათ.თამაში დასრულდა 2:2.

როდესაც გაცეცხლებული რონალდუ მიხვდა, რომ არბიტრებთან კამათს აზრი არ აქვს, კაპიტნის სამკლავური დააგდო და მოედნიდან გავიდა.

ვიდეოჩანაწერსა თუ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ 36 წლის ვარსკვლავის დარტყმული ბურთი კარის ხაზს გვარიანად სცდება, ასე რომ ამ ეპიზოდში კითხვა — იყო თუ არა გოლი — არ, უფრო სწორედ ვერ უნდა დასმულიყო, მაგრამ სერბეთის ნაკრების კაპიტანმა სტეფან მიტროვიჩმა, რომელიც „სტრასბურგში” თამაშობს და 30 წლისაა, ბურთი ხაზს გადაღმიდან მოედანში დააბრუნა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჰოლანდიელი მსაჯი დანი მაკელი ან მისი ასისტენტი ამ, ერთი შეხედვით, აშკარა სურათს ვერ აღიქვამდნენ.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე 8 გოლი აკლია.

პორტუგალიელთათვის და ზოგადად, სამართლიანობისთვის სამწუხაროდ, VAR-ის ტექნოლოგია ამ შეხვედრაში არ გამოიყენებოდა.

მატჩის შემდეგ, რონალდუმ სოციალურ ქსელში ნაკრების ფოტო დაპოსტა და მიაწერა: „პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტნობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პრივილეგიაა. ჩემი ქვეყნისთვის თავს არასდროს დავზოგავ, მაგრამ არის მომენტები, რომელთა მშვიდად მიღება შეუძლებელია. ასეთ დროს ხედავ, რომ მთელი შენი ერი დააზარალეს.

რა გაეწყობა, ავწიოთ თავი და წინ, ახალი გამოწვევებისკენ! წინ, პორტუგალია!”

საინტერესოა, რომ თავიდან სწორედ პორტუგალია იგებდა 2:0-ს. ორივე გოლი ლივერპულელმა დიოგო ჟოტამ გაიტანა, მაგრამ მეორე ტაიმში „ფულემის” თავდამსხმელმა ალექსანდარ მიტროვიჩმა და „ფრანკფურტის” მარცხენა მცველმა ფილიპ კოსტიჩმა ანგარიში გაათანაბრეს.

რასაკვირველია, პორტუგალიის ნაკრებისთვის ალბათ უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, პირველ 36 წუთში მოპოვებული ორგოლიანი უპირატესობა შეენარჩუნებიდა.