ესეც ასე! საქართველოს ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მეორე სარაგბო დონეს ერთი თავით აღემატებიან!

როგორც იქნა, „მიხეილ მესხზე“ ხალხი დაუშვეს, თორემ წელიწადზე მეტია, ვაკის სტადიონს გულშემატკივარი არ უნახავს. როგორც რეგულაცია მოითხოვდა, ტრიბუნები მესამედით შეივსო და სტადიონზე მისულებთან ერთად კარგი, თვალსასეირო თამაში მრავალრიცხოვანმა ტელემაყურებელმაც იხილა.

No description available.28:17 – ასე მოიგო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთთან, არადა შალვა მამუკაშვილის მატჩის ბოლომდე გაძევებამ ბორჯღალოსნები რიცხობრივ უმცირესობაში მთელი ერთი საათით დატოვა. იმ მომენტში ქართველები 10:0 იგებდნენ და როგორც საბოლოო ანგარიშიდან ჩანს, კაცნაკლულებმა არათუ არაფერი დაუთმეს თავის მთავარ მეტოქეს, არამედ ეს 10-ქულიანი უპირატესობა მცირედით გაზარდეს კიდეც.

პირველი ლელო  ქართველებმა მამუკაშვილის გაძევებამდე ერთი წუთით ადრე გაიტანეს. ჩვენმა შერკინებამ რუმინელებისა წალეკა და რამდენიმე ჩაშლის შემდეგ, რეფერიმ საჯარიმო ლელო დააფიქსირა. მერე კი თედო აბჟანდაძემ საჯარიმო ზუსტად შესრულა და ანგარიში 10-0 გახდა.

მერე რუმინელებმა ძალიან კარგი მოლი ააგორეს და ბურთიანად ჩვენს ლელოში შევიდნენ. გარდასახეს კიდეც – 10:7.

ისევ აბჟანდაძის ზუსტი გასროლა და ტაიმიც ამით მორჩა – 13:7.

მეორე ნახევრის დებიუტშივე რუმინელებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს – 13:10, მაგრამ ამან ქართველები არ გატეხა, მათ თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხეს და 51-ე წუთზე ბრწყინვალე ლელოც გაიტანეს. ბექა საღინაძე ფლანგზე გაიჭრა, ერთ მეტოქეს დაუსხლტა, მაგრამ ორმა სხვამ მისი შეჩერება რის ვაი-ვაგლახით მაინც მოახერხეს, თუცა ბექას სეხნია მიყვა – გიგაშვილი, რომელმაც შებოჭილი საღინაძისგან პასი მიიღო და ნახტომში ბურთი ხაზს იქით დაამიწა – 18:10 და თედოს გარდასახვით 20:10 დავწინაურდით.

No description available.ამის შემდეგ რუმინელებმა მოახერხეს თამაშის სადავეების დაუფლება და ბორჯღალოსნებს დიდი წნეხის გადატანა მოუხდათ. დაცვაში 14 კაცით თამაში ძალიან რთულია და „მუხებმა“ მიზანს 61-ე წუთზე უწიეს, როცა მათი პირველი ლელოს ასლი გაგვიტანეს – მოლით შევიდნენ ჩათვლის მოედანზე. შეცვლაზე შესულმა სახელოვანმა ფლორიან ვლაიკუმ, ცხადია, გარდასახა და ისევ სამქულიანი ჩამორჩენა დააფიქსირა – 20:17.

როცა თამაშის დასრულებამდე ათიოდე წუთიღა რჩებოდა, აკა ტაბუცაძემ თავის ფლანგზე გაინავარდა და საოცარი ლელო გაიტანა – 25:17. კიდიდან გარდასახვა ტრავმირებული თედოს ნაცვლად თამაშში ჩართულმა გიორგი ბაბუნაშვილმა ააცილა, მაგრამ საბოლოო წერტილი თამაშს მაინც ქუთაისელმა მგეზავმა დაუსვა.

თან როგორი წერტილი! ბოლო წუთები ბირჯღალოსნებმა შეტევაში გაატარეს, რაც უკვე სასწაული იყო კაცნაკლული გუნდისგან, ხოლო „გაწითლებულ“ დროში ბურთი უკან, ბაბუნაშვილს  ამოუგდეს, რომელმაც არეკნი დაჰკრა და ყველა კითხვას პასუხი გასცა – 28:17!

ჩვენმა გუნდმა ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი მეთოთხმეტედ მოიგეს, სატურნირო ცხრილში ქულათა მარაგი 4 პუნქტით შეივსეს და უახლოეს მდევარს, იგივე რუმინეთს 9 ქულით უსწრებენ!

მომდევნო და დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები ივნისის ბოლოს კვლავ თბილისში გამართავს. მეტოქე ჯერაც გაურკვეველია – ან ბელგია, ან ნიდერლანდები.

დიდი ალბათობით, ბორჯრალოსნები ამ მატჩს ბონუსით მოიგებენ და მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის ნახევარს 23 ქულით დაასრულებენ.