დავიწყოთ პედრით. „ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ნაკრებში თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა. დებიუტმა ყმაწვილკაცი გაახარა, მაგრამ შედეგმა უკმაყოფილო დატოვა: „ლა როხამ” გრანადაში საბერძნეთთან 1:1 ითამაშა.
ეს გახლდათ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის შესარჩევი მატჩი. ამავე ჯგუფში შვედეთმა მოუგო საქართველოს 1:0.
„მერჩივნა, სხვანაირი დებიუტი მქონოდა, — თქვა მატჩის შემდეგ პედრიმ, — მეორე მხრივ კი, ესპანეთის ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ამიხდა. ბედნიერი ვარ, ეროვნული გუნდის ფორმა რომ ჩავიცვი, მაგრამ შედეგით არ ვარ კმაყოფილი. ნახევარდაცვაში ჩემთვის საკმარისი სივრცე ვერ გამოვძებნე. მოტრიალება მიჭირდა. დღეს ჩვენს თამაშს დინამიკა აკლდა. ბრაიან ხილმა ჩემზე მეტად გამოიჩინა თავი, რასაც გულით ვულოცავ.
უფრო მაღალი სათამაშო რიტმით, ალბათ მოვიგებდით. არ ვიცოდით როგორ გაგვეტეხა მეტოქე. დღევანდელი თამაში უნდა დავივიწყოთ და შემდეგ ორზე გადავერთოთ”.
მომდევნო შეხვედრა ესპანეთის ნაკრებს კვირას, თბილისში აქვს საქართველოსთან.
მატჩში, რომელშიც ბურთს ფაქტობრივად სულ ესპანეთის ნაკრები ფლობდა (77%), ანგარიში ალვარო მორატამ გახსნა, მაგრამ მასპინძელთა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. თავად განსაჯეთ, მთელი შეხვედრის განმავლობაში „ლა როხამ” კარის ჩარჩოში სულ ორჯერ დაუმიზნა.
ანგარიში „ტრაბზონსფორის” ნახევარმცველმა ანასტასიოს ბაკესეტასმა პენალტით გაქვითა. თერთმეტმეტრიანი იმიტომ დაინიშნა, რომ ინიგო მარტინესმა საჯარიმოში გეორგეს მასურასი წააქცია. მარტინესი, რომელიც „ბილბაოში” თამაშობს, მსაჯისა და VAR-ის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა:
„VAR-ის გადაწყვეტილება სხვანაირი უნდა ყოფილიყო. 50/50-ზე იყო. მე ინერციით მოძრაობას განვაგრძობდი. ფეხის გაწევა კი ვცადე, მაგრამ საზრიანმა მეტოქემ დაცემა მოასწრო და ეს პენალტი ძვირად დაგვიჯდა. გული არ უნდა გავიტეხოთ. ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ”.
ამ შეხვედრაში ყურადღება მიიპყრო ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა. პირველ ტაიმში მან თანაგუნდელებს 12 პასი გადააწოდა და აქედან 6 არასწორად. შესვენებისას მოედნიდან გასული კი აღარც დაბრუნებულა.
რამოსის შეცვლამ ყველას მისი ნაოპერაციევი მუხლი გაახსენა, მაგრამ „მარკა” წერს, რომ ჯანმრთელობა არაფერ შუაშია. ლუის ენრიკემ ის უბრალოდ დაასვენა, რადგან სურს, რომ ამ ჯერზე სამივე სანაკრებო შეხვედრაში ათამაშოს.
გამოჯანმრთელების შემდეგ, რამოსმა „რეალის” შემადგენლობაში ჯერ მხოლოდ ორ შეხვედრაში, „ელჩესთან” და „ატალანტასთან” ითამაშა.