ასე გავიდა მატჩის ერთადერთი გოლი

საქართველომ პირწმინდად წააგო! ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, შვედებს რვა გოლის გატანა რომ დასჭირვებოდათ, რვას გაიტანდნენ… აშკარა იყო კლასში სხვაობა და არა მხოლოდ…

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველომ პირველად ითამაშა და გარკვეული სიახლეებიც გამოჩნდა. თუნდაც შემადგენლობაში ვილი სანიოლმა განაპირა მცველებად დებიუტანტები დააყენა – გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ გიორბელიძე. სამი ნომინალური საყრდენით კი შუა ხაზში უპირატესობის მოპოვება სცადა. რა გამოუვიდა, ანგარიშიდან ჩანს. გზა და გზა სანიოლის ტაქტიკური ხედვა უკეთ გამოჩნდება და ჩვენების პერსპექტივაზე უფრო ვრცლად სამომავლოდ ვთქვათ, დღეს კი ეს ვიკმაროთ: ქართველმა ფეხბურთელებმა  უსიტყვოდ წააგეს ორთაბრძოლები. შვედები სულ წინ იყვნენ და პლუს, მოკლე მონაკვეთებში თითქმის სულ მათ რჩებოდათ ბურთი. ჩვენები იყვნენ დაბნეულები და თითქოს არ იცოდნენ  რა ეკეთებინათ. ეს გოლის ეპიზოდშიც კარგად გამოჩნდა, როცა ტაიმის ბოლოსკენ კლაისონი მეკარის ცხვირწინ ისე დატოვეს, შვედს გატანის გარდა არაფერი დარჩენოდა… მეტოქეს ხუთი კაცი ეხვია, მაგრამ ის მაინც თავისუფალი იყო…

May be an image of 3 ადამიანი და people playing sportsშვედებმა ნახევარი საათის მერე მოიპოვეს უპირატესობა და ტაიმის ბოლო 15 წუთში ძალიან დაცხა ლორიას კართან. ზლატან იბრაჰიმოვიჩი მანამდე რომ ჩრდილში იყო, ამუშავდა, ბურთს უფრო ხშირად ითხოვდა და შედეგად, მანვე გააკეთა ის ერთი გოლიც. იქამდე კი ლორიამ ორი რთული ბურთი მოიგერია.

ისე, მომენტები საქართველოსაც ჰქონდა და ერთი ორად საწყენია, როცა მეტოქე ასე გჯობნის, საგოლედ ჩინებულ შანსს მიიღებ და ვერ გამოიყენებ. თუმც, ესეც კლასია… გაქვს შანსი? უნდა გაიტანო. მაგალითად, ასე იყო უკრაინა საფრანგეთში თამაშისას – ერთი მომენტი, ერთი გოლი და საბოლოო 1:1.

მწვრთნელმა წუხელ ჩვენი იმედი ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. მიზეზი? ითქვა, რომ ტრავმა მიიღო. რა სიმძიმის? გამოკვლევების შემდეგ იტყვიან. არადა, იმ ორი მომენტიდან ერთი სწორედ კვარაცხელიას პასს მოჰყვა.

მოკლედ, კლასში სხვაობა იმდენად აშკარა იყო, ეს მატჩი საქართველოს განახლებული ნაკრების შესაფასებლად ვერ გამოდგება. ვერც ესპანეთთან და საბერძნეთთან მომავალ შეხვედრებში დავინახავთ სანიოლის გუნდის ნაღდ სახეს… რეალური ძალა მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის მეტოქეების დაპირისპირებისას ჩანს, ხოლმე. ასეთი კი კოსოვოა.

და კიდევ: მატჩამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა და ფეხბურთელმა გურამ კაშიამ დაიჩივლეს, აქაოდა მოსამზადებლად დრო არ გვქონდაო… კი, მაგრამ რატომ? ალავერდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, რომელსაც მაშინ, როცა უთავკაცო ნაკრებისთვის მწვრთნელი უნდა შეერჩია, სხვა საქმე ჰქონდა – საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა და აბა, გუნდისთვის და ფეხბურთისთვის როგორ უნდა მოეცალა?! ერთი თვის დანიშნულ მწვრთნელს კი ცხადია, გუნდის ხეირიანად მოსამზადებლად, ფეხბურთელების გასაცნობად, დრო ვერ ეყოფოდა…

May be an image of 2 ადამიანი, people playing sports და გარეთ