გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებისთვის ფსიქოლოგი აიყვანა. მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი მოთამაშეები მაიკლ კულფილდის დონის სპეციალისტთან პირისპირ საუბრებისგან დიდ სარგებელს ნახავენ.
კულფილდი ინგლისის ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ფსიქოლოგია, 30 წლიანი სტაჟით.
50 წლის საუთგეიტმა თქვა: „მაიკლი სპორტის აღქმას ამარტივებს. მან ძალიან კარგად იცის ის პროცესები, რაც გასახდელში ხდება. ის იოლად პოულობს საერთო ენას ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან. სტატისტიკას, მონაცემებსა და თამაშის მეცნიერულ ანალიზს ფეხის ყველა ნაბიჯზე ნახავთ, მაგრამ თუ გინდათ ამოიცნოთ ის აურზაური, რაც სპორტსმენების გონებაში ხდება და მათ ყურადღებით თამაშში უშლით ხელს, ეს მხოლოდ კულფილდთან შეიძლება. ყველაფერი კი სასიამოვნო გასაუბრებით იწყება, საინტერესო მსჯელობაში გადადის და ბოლოს შედეგს იძლევა”.
ადრე, მაიკლ კულფილდი პროფესიონალ ჟოკეითა ასოციაციის აღმასრულებელი შეფი იყო. ის აგრეთვე მუშაობდა „ასტონ ვილას” მწვრთნელ დინ სმიტთან.
ფსიქოლოგმა თქვა: „მე და გარეთი მთელ რიგ საკითხებს საინტერესოდ მიმოვიხილავთ. ჩვენ ორივეს ერთი თვისება გვახასიათებს — მოსმენა შეგვიძლია. ეს კი აუცილებელია. მისი წყალობით, როდესაც საჭირო ხდება, შეგვიძლია უკვე ჩვენი აზრი ვთქვათ”.
საინტერესოა, რომ მაიკლ კულფილდი მუშაობს ყოფილ პროფესიონალ სპორტსმენთა ფსიქიკურ პრობლემებზეც, რაც მთელს მსოფლიოში გავრცელებულია.
„ამ ხალხმა იცის, რომ ცხოვრების ყველაზე წარმატებულ პერიოდს ვეღარ დაიბრუნებს და ეს დიდ სირთულეებს იწვევს. სპორტიდან წასვლის შემდეგ, მათ ცხოვრებაში უეცრად ჩნდება უზარმაზარი სიცარიელე, რასაც შევსება სჭირდება. სწორედ ეს იწვევს პრობლემებს. ბევრი გარიყვას და ბნელ კუთხეებში დამალვას იწყებს”.