რომან აბრამოვიჩს ინტერვიუების მიცემა არ უყვარს, მაგრამ თითქმის 15 წლიანი დუმილი დაარღვია და ჟურნალ „ფორბსს” ელაპარაკა. რუსმა მილიარდერმა გატაცებით ისაუბრა დიდი კლუბის შექმნაზე, „ჩელსის” ქალთა გუნდსა და აკადემიაზე, რასაც სხვა თემები, მაგალითად, „ლურჯთა” თემში დისკრიმინაციასთან ბრძოლაც მოაყოლა.
„ვფიქრობ, ჩვენს მიერ მოპოვებული ტიტულები ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ რა შევქმენით მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩემი მიზანია მომავალშიც განვაგრძოთ წარმატებული თამაში, კვლავ მოვიგოთ ჯილდოები და ავაშენოთ ხვალინდელი დღე.
„ჩელსი” დიდი ისტორიის კლუბია და ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიის შექმნაში მეც ვთამაშობ როლს. ის ჩემამდე არსებობდა და მე რომ წავალ, მერეც იქნება, ასე რომ ჩემი ამოცანა გახლავთ რაც შეიძლება დიდი წარმატებები მოვიპოვოთ დღეს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღის შენება”.
შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა დასავლეთლონდონური კლუბი 2003 წელს 140 მილიონ გირვანქად იყიდა და მას მერე, დიდძალი ინვესტიციების წყალობით 16 დიდი ჯილდო მოიგო. მილიარდერის მისვლიდან ორ წელიწადში „ლურჯები” 50-წლიანი უტიტულობის შემდეგ ინგლისის ჩემპიონები გახდნენ, 2012 წელს კი ლონდონური კლუბებიდან პირველებმა გაიმარჯვეს ევროპის ჩემპიონთა ლიგაში.
ფაქტია, რომ „ჩელსის” ისტორიაში საუკეთესო პერიოდი სწორედ აბრამოვიჩის ხანას ემთხვევა, ოღონდ ეს ხანა მწვრთნელების ხშირი ცვლით ხასიათდება. აბრამოვიჩი თამამია. მას არ შეეშინდა ფანების რისხვის და მწვრთნელის თანამდებობიდან გააგდო მათი კერპი ფრენკ ლემპარდი, მაგრამ ლემპარდის ნაცვლად მოყვანილმა გერმანელმა თომას ტუხელმა აგერ უკვე ზედიზედ 13 თამაში არ წააგო, „ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა და კვირას ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „შეფილდ იუნაიტედს” ხვდება.
„ვფიქრობ, მწვრთნელებს პრაგმატულად ვირჩევთ. ვახერხებთ სწორ დროს, სწორი ცვლილება განვახორციელოთ და ამის წყალობით ჩვენს შორს მიმავალ გეგმებს არ გადავუხვიოთ. ყველას, ვინც ჩვენს კლუბში მოდის, კარგად ესმის თავისი მიზანი და ამოცანა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ესმის, რომ „ჩელსის” თემში დადებითი როლი უნდა ითამაშოს, — თქვა აბრამოვიჩმა, რომელმაც დასძინა, — ფეხბურთში მოგების მზა რეცეპტი არ არსებობს. მწვრთნელმა და მისმა გუნდმა ყოველი შეხვედრის წინ მთელი რიგი ახალი ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ. საფეხბურთო ცხოვრება ჰგავს ყოველ ორ-სამ დღეში ერთხელ მორიგი გამოცდის ჩაბარებას, სადაც ნიშანი უნდა დაგიწერონ. მე დღემდე დიდ სიამოვნებას ვიღებ იმ მოულოდნელობებთან ბრძოლით, რომლებიც ფეხბურთის თამაშს ახასიათებს”.