კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ანდრე კური ბრაზილიურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ადრე ის „ბარსელონას” სკაუტი იყო. მან აღმოაჩინა ნეიმარი, გახდა მისი აგენტი, ახლა კი არგენტინულ გაზეთ El Litoral-თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით ნეი ისევ ლეო მესის თანაგუნდელი გახდება, ოღონდ… „პარი სენ ჟერმენში” კი არა, „ბარსელონაში”. კორონაკრიზისის პირობებში ეს როგორ უნდა მოხდეს ჯერ არ ჩანს, მაგრამ აგენტმა ასე თქვა:

„ძალიან მინდა ის და ლეო კვლავ ერთ გუნდში ვიხილო, ოღონდ თუ ეს „ბარსელონაში” მოხდება, გაცილებით მეტად გამიხარდება. მეეჭვება, რომ ამ ორი მოთამაშის თავმოყრა „პარი სენ ჟერმენში” იყოს შესაძლებელი”.

შემდეგ, აგენტმა დასძინა, რომ ერთიპირობა, „ბარსელონა” ნეიმარის დაბრუნებასთან ახლოს იყო, ხოლო „კამპ ნოუდან” პარიზში გაქცევა მისი მხრიდან დიდი შეცდომა გამოვიდა.

„დიახ, სრული სიმართლეა, რომ ორი წლის წინ „ბარსას” ნეიმარის დაბრუნება უნდოდა და ჩვენც ყველა ღონე ვიხმარეთ ეს რომ მომხდარიყო. მიზანთან ძალიან ხლოს ვიყავით. „ბარსელონაში” მისთვის კარი ყოველთვის ღიაა. თავად ნეიმარიც ხვდება, რომ შეცდა, როდესაც „კამპ ნოუდან” „პარი სენ ჟერმენში” გადავიდა ამას არც მალავს, ბევრჯერ უთქვამს, რომ მცდარი ნაბიჯი გადადგა”.

ახლა ანდრე კური არგენტინაშია, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენით არის დაკავებული.

„ბარსელონაში” ჟოან ლაპორტას დაბრუნების შესახებ ის ასე ფიქრობს: „ვფიქრობ, ლაპორტა „ბარსასთვის” კარგი პრეზიდენტია. მის ხელში ნეი და მესი კვლავ შეერთდებიან”.

და ბოლოს მესის შესახებ: „ლეო „ბარსელონას” არ დატოვებს. მან ევროპული კარიერა „ბარსაში” დაიწყო და „ბარსაშივე” უნდა დაამთავროს. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ეს იქნება ლამაზი დაგვირგვინება იმ ფეხბურთელის კარიერის, რომელიც მთელს მსოფლიოში უყვართ”.