ინგლისური პრესა აღფრთოვანდა: ჩვენ გვყავს ერთ მუშტად შეკრული, გამარჯვების ჟინით შეპყრობილი, სერიოზული „ჩელსიო”, წერენ მას მერე, რაც „ლურჯებმა” მადრიდის „ატლეტიკოს” 2:0 მოუგეს და ორი შეხვედრის ჯამში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. ჯამური ანგარიში გახლავთ 3:0.
მარტივი ლოგიკაა: „ჩელსი” სერიოზული გუნდი რომ არ იყოს, ლა ლიგის ლიდერის შეჯიბრებიდან დამაჯერებლად გამოთიშვას ვერ მოახერხებდა. რაც დასავლეთლონდონელებს სათავეში თომას ტუხელი ჩაუდგა, გუნდმა 13 შეხვედრა ჩაატარა და ერთხელაც არ დამარცხებულა; სულ ორი გოლი გაუშვა, მათგან ბოლო 6 თამაშში არცერთი. ხოლო რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მის მეოთხედფინალში „ლურჯები” შვიდი წელიწადია არ ყოფილან…
საინტერესო ფაქტია: „ჩელსი” ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ მაშინ, როდესაც მწვრთნელი სეზონის მსვლელობისას შეცვალა. პირველად ეს მოხდა 2008 წელს, როდესაც ავრამ გრანტი დაინიშნა და მეორედ 2012-ში, როდესაც გუნდი რობერტო დი მატეომ ჩაიბარა. ეს კი იმიტომ გაიხსენეს, რომ თომას ტუხელიც შუა სეზონშია მისული და აგერ, მისვლის შემდეგ ყველაზე სერიოზულ შედეგსაც მიაღწია — ლა ლიგის ლიდერი გააგდო.
შეგახსენებთ აგრეთვე, რომ ტუხელმა გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენი” გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ერთი სიტყვით, პარასკევს, მეოთხედფინალის წილისყრაში „ჩელსისთან” დაწყვილება არავის ენდომება, ეს უკვე ფაქტია.
„ლურჯების” ექვსმა შენაძენმა, რომლებშიც კლუბმა გასულ ზაფხულს 230 მილიონი გირვანქა გადაიხადა, იანვრამდე, სანამ გუნდს ფრენკ ლემპარდი წვრთნიდა, დიდად ვერ გამოიჩინა თავი, მაგრამ აგერ, „ატლეტიკოსთან” მერვედფინალში სამმა მათგანმა იყოჩაღა — კაი ჰავერცმა, ტიმო ვერნერმა და ჰაკიმ ზიეშმა, რომელმაც კლასიკური კონტრშეტევა გოლითაც კი დააგვირგვინა (ვიდეო).
თუმცა, წუხანდელი შეხვედრის მთავარ გმირებად მაინც ანტონიო რუდიგერი და ნგოლო კანტე აღიარეს. რუდიგერი იმიტომ, რომ კარგად გაართვა თავი ლუის სუარესის მეურვეობას — არადა, წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე გერმანელმა ურუგვაელს „უკანალში ტკივილი” უწოდა — კანტე კი შესანიშნავ ფორმაშია და მოედნის შუაში კოკესა და საულს გაუმკლავდა.
„სტემფორდ ბრიჯზე” ზიეშის გოლის გარდა იყო მორეც — ის, 90+4 წუთზე ემერსონმა შეაგდო.