უკვე 12 თამაშია, რაც თომას ტუხელი „ჩელსის” სათავეში უდგას და მისი ხელმძღვანელობით გუნდს ჯერ ერთხელაც არ წაუგია. ეს, რასაკვირველია ჩინებული შედეგია, მაგრამ „ლურჯების” ვეტერანი, ჯო კოული ამბობს, რომ ჩემპიონობისთვის მის ყოფილ გუნდს ერთი ფეხბურთელი აკლია და მას ერლინგ ჰოლანდი ჰქვია.

ბოლო ტურში, „ჩელსისა” და „ლიდსის” 0:0-ის შემდეგ, კოულმა BT Sports-ზე მატჩის შეფასებისას ასე თქვა: „ჩემი აზრით „ჩელსისთვის” ერლინგ ჰოლანდი ზედგამოჭრილი იქნებოდა. ის ცენტრალური თავდამსხმელია, გუნდს კი ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. „ლურჯები” შესანიშნავად უტევენ და თუ მათ შეტევას ერთი ცხრა ნომერიც დაემატება, ბრწყინვალე შედეგს მივიღებთ. ის „ჩელსის” დიდების დღეებს დაუბრუნებს”.

„ჩელსი” ინგლისის ჩემპიონი ბოლოს 2017 წელს იყო.

ცხადია, ჯო კოულმა ცხრა ნომერში მაისურზე დაწერილი ციფრი კი არა, კლასიკური W-M სისტემის მეცხრე ფიგურა ანუ ცენტრალური თავდამსხმელი იგულისხმა.

ნორვეგიელ ერლინგ ჰოლანდს კი „დორტმუნდთან” 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი. „შავ-ყვითელთა” დირექტორმა მიხაილ ცორკმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში თქვა: „თუკი ის ჩვენგან ოდესმე წავა, უამრავი კლუბიდან ექნება ასარჩევი. ჩვენ კი, სპორტული მიზეზების გამო, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ დავიტოვოთ. ჰოლანდის გადაბირებას ბევრ სხვა დიდ კლუბთან ერთად „რეალი” და „ბარსელონაც” ცდილობენ”.

ამასობაში კი „ჩელსი” მეტოქეებთან ბრძოლის ახალ-ახალ ხრიკებს იგონებს. ასე მაგალითად, თომას ტუხელის მითითებით დასავლეთლონდონელი ფეხბურთელები იყენებენ კოდურ სიტყვებს, რომელთაგან ზოგი ერთ კომბინაციას ნიშნავს და ზოგი მეორეს. „სანმა” მეტოქე გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ასეთი კოდური სუტყვების გამოყენებას მართლაც აქვს აზრი, რადგან მოწინააღმდეგეები მყისიერად ვერ ხვდებიან რა იგულისხმება მათში, ამ დროს კი „ჩელსის” ბურთიანმა ფეხბურთელმა შეიძლება პასი იქით გადააწოდოს საითაც საერთოდ არ იყურება და სხვა მოთამაშეებიც წინასწარ შეთანხმებული მიმართულებით გაიქცნენ.