„არსენალმა” „ტოტნჰემ ჰოთსპურს” 2:1 მოუგო. ეს იყო ჩრდილოლონდონური დერბი, რომელიც 1887 წლიდან იღებს სათავეს. ანგარიში „სფურზის” არგენტინელმა ნახევარმცვლელმა, 29 წლის ერიკ ლამელამ ულამაზესი დარტყმით გახსნა, რომლის ჩანაწერსაც ქვემოთ გთავაზობთ. ამ დარტყმას მთელს მსოფლიოში რაბონა ჰქვია. რაბონა დარტყმა არის საფეხბურთო ილეთის ის ნაირსახეობა, როდესაც მოთამაშე დამრტყმელ ფეხს საყრდენი ფეხის უკან აჯვარედინებს და ბურთს იქიდან არტყმას.
ლამელას გოლი ლამაზი კი იყო, მაგრამ „დეზებისთვის” ერთადერთი გახლდათ. მას „არსენალმა” ორით უპასუხა: ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მარტინ ოდეგორმა გაქვითა, შესვენების შემდეგ კი ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტით გამარჯვებისა შეაგდო.
სწორედ ამან გააბრაზა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ. მან თქვა, რომ მსაჯმა პენალტი გამოიგონა და ეს ყველასთვის აშკარა იყო… ნუ, „არსენალის” მეტისმეტად თავგადაკლული ფანების გარდა.
სხვათა შორის, თავად ლაკაზეტი ეტყობა „არსენალის” თავგადაკლული ფანი არ არის, რადგან მსაჯის გადაწყვეტილება კი შეირგო, მაგრამ მერე თქვა, გამიმართლა ასეთი პენალტი რომ დამატრყმევინესო. მსაჯმა მარკ ოლივერმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დევინსონ სანჩესისა და ლაკაზეტის ორთაბრძლის დროს დანიშნა.
ამის შემდეგ, „ტოტენჰემს” ბედმა უარესად უმტყუნა, როდესაც ლამელამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიუმ თქვა: „რა სამწუხაროა, რომ მსაჯებს ინტერვიუებს არ ართმევენ… მატჩზე კი იმას მოგახსენებთ, რომ პირველი ტაიმი მართლაც ძალიან ცუდად ვითამაშეთ — თავს ცუდად ვიცავდით, ინტენსიობა დაბალი გვქონდა, პრესინგს ვერ მივმართავდით, ჩვენი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ჩრდილში იყო და ეს ყველაფერი სამწუხაროა.
მეორე ტაიმში კი თამაში გამოვასწორეთ და დროც საკმარისი გვქონდა, მაგრამ მოხდა ის, რაც ყველამ ვნახეთ. საქმეში მაიკლ ოლივერი ჩაერია, ხოლო თუ რატომ მოიქცა ასე, ეს თვითონ უნდა თქვას.
შესაძლოა, მის გადაწყვეტილებაზე VAR-თან მჯდომმა არბიტრმა პოლ ტიერნიმაც იმოქმედა, თუმცა კევინ ფრენდმა მითხრა, რომ ოლივერი ყველაფერს კარგად ხედავდა და VAR-ის დახმარება არ დასჭირვებია.
პირველი რეაქცია პირწმინდად ემოციური მქონდა. მე ორთაბრძოლის ადგილს 40-50 მეტრით ვიყავი მოშორებული და ზუსტად ვერაფერს ვიტყოდი, მაგრამ შემდეგ ეპიზოდი iPad-ში ვნახე, სადაც ყველაფერი კარგად გამოჩნდა. თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, ის ალბათ „არსენალის” თავგადაკლული ფანია.
მე, როგორც „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელი პირველ ტაიმზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ჩავარდნა ჩემი ბრალი იყო, მაგრამ, როგორც გითხარით, მეორე ტაიმში თამაშს ვაუმჯობესებდით, აი, აქ კი მსაჯი ჩაერია.
სამწუხაროდ, მე, როგორც „ჩელსის” „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელს მაიკლ ოლივერთან უარყოფითი სტატისტიკა მაქვს”.