გუშინ, „ეტიჰედზე” იმგვარი რამ მოხდა, რომ უნებურად გაჩნდა კითხვა: კი მაგრამ, თუ ძალთა თანაფარდობა ასეთია, „მანჩესტერ სიტი” „მანჩესტერ იუნაიტედს” 11 ქულით რანაირად უსწრებს?
მაყურებელმა ნახა ოლე გუნარ სულშერის გუნდის დიდოსტატური თამაში იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც აქამდე ზედიზედ 21 მატჩი ჰქონდა მოგებული, წაგებით კი 28 შეხვედრა არ წაეგო — მანჩესტერული დერბი „იუნაიტედის” გამარჯვებით დასრულდა, 2:0.
გამარჯვებულმა ყველაფერი აჩვენა: ინტენსიური, დაუღალავი პრესინგი; სწრაფი კონტრშეტევა; მეტოქის შეტევებისთვის გზის თავგადაკლული ჩახერგვა.
ლუკ შოუ დაცვის მარცხენა ფრთაზე ისე დაქროდა, რომ ზოგ ბრიტანელ ჟურნალისტს ბრაზილიელი რობერტო კარლოსი გაახსენა. ფრედი არანორმალურივით დასდევდა კევინ დე ბრუინს, ჰარი მაგუაირი კი დროგამოშვებით თავის დიდი ზომით ცნობილ თავს დაუნდობლად ურტყამდა ბურთს.
ახლა, ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტური დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ „იუნაიტედს” ეფექტური მოგების მიუხედავად ჩემპიონობისთვის ბრძოლა ალბათ მაინც გაუჭირდება, მაგრამ, გაჩნდა კიდევ ერთი კითხვა: ნუთუ „სიტი”, რომელიც მიმდინარე სეზონში ერთბაშად ოთხი დიდი ჯილდოსთვის იბრძვის, მართლა ისეთი ძლიერია, როგორიც აქამდე ეგონათ? და მეორე, არ არის გამორიცხული, მომდევნო გათამაშებაში, ქალაქ მანჩესტერიდან ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი ამბიციური გუნდი გავიდეს.
„იუნაიტედის” გოლები გაიტანეს ბრუნო ფერნანდეშმა, რომელმაც მეორე წუთზე პენალტი დაარტყა და ლუკ შოუმ, რომელსაც თავისი მეკარე დინ ჰერდენსონი ხელით შორს და დროულად გადაგდებული პასით დაეხმარა. უნდა ითქვას, რომ ჰენდერსონს არაფერი ეტყობა, „იუნაიტედში” დავიდ დე ხეას მარქაფა რომ არის.
ცნობისთვის: „იუნაიტედმა” „ეტიჰედზე” ბოლო ხუთი ვიზიტიდან ოთხი მოიგო! თუმცა, ასე ეფექტურად წინა შეხვედრებში არ გაუმარჯვია.