შონ რაიტ-ფილიპსი „მანჩესტერ იუნაიტედს” ურჩევს აღიაროს, რომ ქალაქში მთავარი გუნდი ის აღარ არის. უკვე კარგა ხანია, რაც „იუნაიტედს” უწევს „მანჩესტერ სიტის” დევნა, არადა ოდესღაც პირიქით იყო — ამპარტავანი და დიადი სერ ალექს ფერგიუსონი „სიტის” დაცინვით „ხმაურიან მეზობლებს” უწოდებდა.
ათი წლის წინ, რაიტ-ფილიპსი „ქალაქელების” იმ შემადგენლობის წევრი გახლდათ, რომელმაც რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სასწორიც მაშინ გადაიხარა „სიტის” მხარეს: ბოლო დეკადაში „იუნაიტედი” ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, „სიტი” კი ოთხჯერ.
და როგორც ქალაქ მანჩესტერის ცისფერი ნაწილის ბევრი წარმომადგენელი, რაიტ-ფილიპსიც რუბიკონის გადალახვის თარიღად 2011 წლის 16 აპრილს მიიჩნევს, როდესაც „უემბლიზე”, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში, დერბი გაიმართა. ის შეხვედრა იაია ტურეს გოლით „სიტიმ” მოიგო და რაიტ-ფილიპსის გასახარად, მას მერე სხვა გუნდად ჩამოყალიბდა.
შონ რაიტ-ფილიპსი: „სწორედ იმ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მანჩესტერში სიტუაცია იცვლებოდა. დიდი დღე იყო: „უემბლი”, დერბი, თასის ნახევარფინალი. მანამდე „იუნაიტედი” კარგახანს დომინირებდა, მაგრამ იმ დღეს გვქონდა შეგრძნება, რომ სხვა დრო დგებოდა. ჩვენი დრო! ტიტულების მოგებას ამიერიდან ჩვენ დავიწყებდით.
ასეც მოხდა. მას მერე მანჩესტერში პირველი გუნდი „სიტია”, „იუნაიტედი” კი მეორე. და ასე იქნება ხვალინდელ თამაშშიც”.
ხვალ, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე, „ეტიჰედ სთედიუმზე” მანჩესტერული დერბია. „სიტი” „იუნაიტედს” თოთხმეტქულიანი უპირატესობით მასპინძლობს. „სიტი” ცხრილში პირველზეა, „იუნაიტედი” კი მეორეზე.
თუმცა, ათი წლის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო: „იუნაიტედი” მორიგი ტიტულისკენ მიიწევდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, ხოლო „სიტი” ევროლიგიდან კიევის „დინამომ” გამოაგდო და თასის ნახევარფინალამდე რამდენიმე დღით ადრე „ენფილდზე” „ლივერპულმაც” დაამარცხა.
მაგრამ, იმ დღეს, როგორც მოგახსენეთ, ტურეს გოლმა გამარჯვება „ხმაურიან მეზობლებს” მოუტანა და მათმა ბედნიერმა ფანებმა მატჩის შემდეგ ეგრეთწოდებული პოზნანი გააკეთეს. პოზნანი მაყურებლის ზეიმის ნაირსახეობაა, როდესაც გულშემატკივრები ტრიბუნაზე მოედნისკენ ზურგით დგებიან და რიტმულად დახტიან. ქვემოთ, იხილეთ ვიდეო, სადაც პოზნანს პოლონეთის ქალაქ პოზნანში, „ლეხის” გულშემატკივრები ასრულებენ.
რაიტ-ფილიპსი: „რასაკვირველია, მაშინ ბევრი ადამიანი ფავორიტად „მანჩესტერ იუნაიტედს” მიიჩნევდა, მაგრამ ჩვენ საკუთარი შესაძლებლობებისა გვწამდა, ხოლო, როდესაც რწმენა გაქვს და გუნდში ისეთი ფიგურა გყავს როგორიც იაია ტურეა, გამარჯვების შანსი დიდია.
იმედი მაქვს, რომ „სიტი” ხვალაც დაამარცხებს „იუნაიტედს” და ეს თამაშიც იმ კატეგორიაში გავა, ჩვენს ფანებს დიდხანს რომ დაამახსოვრდებათ”.