ინგლისური პრესა „ლივერპულისა” და „ჩელსის” შეხვედრაში (0:1) მო სალაჰის შეცვლის ამბავს დაუბრუნდა და გაარკვია, რომ იურგენ კლოპი ეგვიპტელ ვარსკვლავს დაცვაში პასიურობას საყვედურებდა. 62-ე წუთზე გერმანელმა თავდამსხმელი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენით შეცვალა.
როდესაც 28 წლის სალაჰმა დაინახა, რომ მოედნიდან უნდა გასულიყო, გაოცდა და გაბრაზდა, რაც გასვლისას გამოხატა კიდეც. მერსისაიდელთა მთავარი ვარსკვლავი ასე ადრე 2017 წლის შემდეგ არ შეუცვლიათ. უმაყურებლო თამაშს ესწრებოდა სპორტული ჟურნალისტი მეტ კრიჩლი, რომელმაც მოგვიანებით თავის ტვიტერზე დაწერა:
„სალაჰი შეცვლით აშკარად უკმაყოფილო დარჩა. ის თავს აქნევდა და გაბრაზებული გაეშურა სკამისკენ, არადა, ხუთი წუთით ადრე კლოპი მთელი ხმით უყვიროდა უკან ჩადი და დაცვას დაეხმარეო. ის მცველებისგან ძალიან შორს იდგა.
მწვრთნელის დაძახილზე სალაჰმა რამდენიმე უგულო ნაბიჯი გადადგა უკან და გაჩერდა, რის დანახვაზეც კლოპი მყისვე ასისტენტს მიუტრიალდა და ცვლილების მომზადებას შეუდგა”.
მოგეხსენებათ, იურგენ კლოპი ზეწოლის ქვეშაა, რადგან მისმა გუნდმა შინ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო. რაც 2021 წელი დადგა, „წითლებმა” „ენფილდზე” მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს. გუნდს, თავის ლეგენდარულ სტადიონზე დეკემბრის შემდეგ არ მოუგია.
პრესასთან გერმანელმა მწვრთნელმა სალაჰის შესახებ ასე თქვა: „როდესაც ბიჭები წაგებას განიცდიან, მე ეს მომწონს. განცდა პრობლემა არ არის. სალაჰისგან კი სწორედ ეს ვერ დავინახე. მო იმიტომ შევცვალე, რომ რაღაცნაირად მოღუშული იყო და გადავწყვიტე აღარ გამერისკა. ასეთი სალაჰის დანახვას ნამდვილად არ ველოდი. ის, როგორც წესი, თამაშის ბოლო წუთებამდე ცოცხალი და ანთებულია ხოლმე. ორი-სამი წელია მსგავსი არაფერი მინახავს”.