გაუგონარი რაღაც ხდება — „ლივერპულმა” შინ ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო. „ჩელსიმ” კი იპოვა რაღაც, რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო და ფრენკ ლემპარდის ხელში დაკარგული ჰქონდა. ახალი თავკაცის, თომას ტუხელის ხელმძღვანელობით დასავლეთლონდონელები უკვე რეალურად იბრძვიან ოთხეულისთვის.

„ენფილდზე” გამარჯვებამ (1:0) ისინი მეოთხე ადგილზე დასვა. ახლა, „ლურჯები” მეორეზე მყოფ, „უძრაობის ხანაში” შესულ „მანჩესტერ იუნაიტედს” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ადგილებსა და ქულებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მათ ითამაშეს ძლიერად, ჭკვიანურად, პოზიტიურად, ენერგიულად და გაბედულად.

აი, იურგენ კლოპის გუნდისთვის კი დრო თითქოს უკან გადაახვიეს. ის თითქოს დაბრუნდა მდგომარეობაში, როდესაც საუკეთესოებს ვერ უტოლდებოდა და წინ ჯერაც მოსაფიქრებელი, თანაც დიდი ნაბიჯი ჰქონდა გადასადგმელი. „წითლებმა” ბოლო 13 შეხვედრაში მხოლოდ 12 ქულა მოიპოვეს, ეს კი, რაგინდ ყურს ჭრიდეს, იმ გუნდების შედეგია, ლიგაში დასარჩენად რომ წვალობენ.

ამჯერად, „ლივერპულს” პირველი ტაიმის მიწურულს მეისონ მაუნტმა გაუტანა. ინგლისელი ჟურნალისტები მაუნტს აქებენ და ამბობენ, ლემპარდს მადლობა მარტო იმიტომ ეკუთვნის, რომ მაუნტი ძირითადი შემადგენლობისთვის მოამზადა. დღეს ტუხელი ამ ახლალგაზრდას შესანიშნავად იყენებს.

„ლურჯები” თავიდანვე სჯობდნენ მასპინძლებს და შეეძლოთ გამარჯვება კიდევ უფრო თვალნათლივი გაეხადათ — უფრო დიდი სხვაობითაც მოეგოთ. ფაქტია, „სტემფორდ ბრიჯზე” იანვარში მისულ ტუხელს მიჯრით წაუგებელი 10 თამაშიდან, ეს ყველაზე ეფექტური გამოუვიდა.

საყურადღებო ფაქტია: „ლივერპულს” კარში 85-ე წუთამდე არ დაურტყამს. 85-ზე, ჟორჟინიო ვინალდუმმა თავურით მიაწვდინა ბურთი მოწინააღმდეგის მეკარემდე და ეს იყო. მერსისაიდელების გუნდში ისეთი უცნაური ამბავი ტრიალებდა, რომ კლოპმა 62-ე წუთზე თვით მო სალაჰი შეცვალა, იქნებ დარჩენილ დროში სხვამ მაინც გაამწვავოსო. ეგვიპტელი ცვლილებამ როგორც მოსალოდნელი იყო გააბრაზა და ყინულის კალათას ფეხი გაჰკრა, კლოპმა კი ერთხელაც გაუსვა ხაზი, რომ მის გუნდში შეუცვლელი არავინაა.