ესეც „დერბი დელა მადონინა” ანუ მილანის გუნდების ტრადიციულად პრინციპული დაპირისპირება, რომელსაც ამჯერად პირველობისთვის ბრძოლის სიმწვავეც ჰქონდა შეზავებული. „ინტერმა” „მილანს” 3:0 მოუგო. ბოლო გოლი, თითქოს დავას წერტილი დაუსვაო, თამამი ინდივიდუალური შეტევითა და მძლავრი, ზუსტი, დაბალი დარტყმით, 27 წლის ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა.
გოლი ლუკაკუმ ორიგინალურად აღნიშნა. საკუთარ თავზე მიუთითა და იტალიურად იყვირა: Io! Te l’ho detto cazzo! ანუ „მე! ხომ გეუბნებოდით ამის დედაც…” ან რამე ასეთი. ქართული როგორც უფრო მოიხდენს. ეს სიტყვები ქვემოთ მოყვანილ ვიდეოჩანაწერში კადრსმიღმა ისმის კიდეც. თუმცა, გამოჩნდნენ ინტრიგანები, რომლებმაც თქვეს, რომ ბელგიელმა Io კი არა, Dio ანუ ღმერთი დაიყვირა. სავარაუდოდ ეს ასე არ იყო, მაგრამ დავუშვათ და იყო, მაშინ, ინტრიგანების გულის გასახარად გამოდის, რომ ლუკაკუმ „მილანის” შვედ ვეტერანს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადაჰკრა, რადგან შარშან „შავ-ლურჯების” კარში ორი გოლი გატანის შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა მისთვის დამახასიათებელი ქედმაღლობით განაცხადა, „მილანს” მეფე არ ჰყავს, მას ღმერთი ვყავარო.
აღსანიშნავია, რომ რომელუ ლუკაკუს აგერ უკვე ზედიზედ ხუთი დერბია „მილანის” კარში გოლი გააქვს.
გუშინდელი შეხვედრის პირველი და მეორე გოლები კი არგენტინელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. პირველი თავურით, მას მერე, რაც უკვე ნაქებმა ლუკაკუმ უზუსტესი პასი დაასვა თავზე, ხოლო მეორე აშრაფ ჰაკიმის, კრისტიან ერიკსენისა და ივან პერიშიჩის მიერ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ისე დაასრულა, როგორც ნამდვილ ფორვარდთა წესია.
გამარჯვების წყალობით „ინტერი” სერია A-ს ცხრილის სათავეშია და „მილანს” 4 ქულით უსწრებს.
მატჩის შემდეგ ლაუტარო მარტინესმა თქვა: „ლუკაკუს მაქსიმუმამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია. ის 27 წლის არის, ბევრს მუშაობს და მოედანზე თანაგუნდელებს ძალიან ეხმარება. რომელუ როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა დიდებული პიროვნებაა და ჩვენ გაგვიმართლა „ინტერში” რომ თამაშობს”.