„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ახლა კი ტელეექსპერტმა პოლ სქოულზმა 26 წლის ბრუნო ფერნანდეში აქო და ადიდა.
გუშინ „იუნაიტედმა” „ნიუკასლს” მოუგო 3:1. უნდა ითქვას, რომ იმასთან შედარებით, რასაც ფანები მიაჩვია, ფერნანდეშმა „კაჭკაჭებთან” წყნარად ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა და საგოლე პასის გადაცემა მაინც მოახერხა. შედეგად, მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის გოლებიცა და საგოლე პასებიც უკვე ორნიშნა რიცხვით ითვლება (15 და 10). ასეთი შედეგი, ევროპის ხუთი წამყვანი ლიგიდან, გერმანიაში თომას მიულერს აქვს და ინგლისში ტოტენჰემელ ჰარი კეინს, მეტს არავის.
„ჩვენ დიდი პროგრესის მოწმენი ვართ. ფერნანდეშის სახით სულშერმა მეტოქეთა კარის ნამდვილი რისხვა შეიძინა. მისი გუნდში ყოლა დიდ უპირატესობას ნიშნავს, — თქვა BT Sport-ის ეთერში სქოულზმა, — მიმდინარე სეზონში მასზე მეტი გოლი მხოლოდ მო სალაჰს აქვს გატანილი. პორტუგალიელი თანაგუნდელებზე საოცარ გავლენას ახდენს. მის ჩამოსვლამდე „იუნაიტედი” ამდენ საგოლე მომენტს ვერ ქმნიდა და ამდენი გოლი ვერ გაჰქონდა.
„ნიუკასლთან” მან თავისივე სტანდარტების დონეზე ვერ ითამაშა. მე თუ მკითხავთ, მის დღევანდელ საგოლე პასს იღბალი წაეშველა, მაგრამ ზოგადად, შეხვედრაში, მეტოქესთან დიდი განსხვავება სწორედ მან შექმნა”.
ეს გახლდათ პრემიერლიგის მეშვიდე მატჩი, რომელშიც ბრუნო ფერნანდეშმა გოლიც შეაგდო და საგოლე პასიც შეასრულა. სპორტული სტატისტიკის კომპანიის Opta-ს ინფორმაციით, ევროპის ხუთ წამყვან ლიგაში ასეთი რამ მიმდინარე სეზონში მის გარდა ჯერ არავის გაუკეთებია.
25 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი” 49 ქულით მეორე ადგილზეა. პირველზე გახლავთ „მანჩესტერ სიტი” — 59 ქულა.