„ბარსელონას” ნამდვილად არ უდგას საუკეთესო დღეები. აგერ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „კამპ ნოუზე”, „პარი სენ ჟერმენმა” 4:1 დაამარცხა. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ კატალონიელი ჟურნალისტის ლუის მასკაროს მოკლე წერილს, რომელიც „სპორტში” გამოქვეყნდა. 

კილიან მბაპეს მიერ „კამპ ნოუზე” მოწყობილი წარმოდგენა იმის საუკეთესო ილუსტრაცია იყო, რომ ფეხბურთში ეპოქა იცვლება. მოდელი, რომელზე დაყრდნობითაც ყველა დროის საუკეთესო „ბარსელონამ” კარგა ხნის განმავლობაში იარსება, დასრულებულია. რატომ? იმიტომ, რომ აღარ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც მას ხორცს შეასხამენ. სტილს განსაზღვრავენ ფეხბურთელები, დღეს კი ახალი პროფილის წინაშე ვართ — კომბინირებული ნიჭი, სისწრაფე და ფიზიკური სიმძლავრე. და ფრანგი თავდამსხმელი ამ უნარებით დაჯილდოვებულთა საუკეთესო წარმომადგენელია — მან ჩამოთვლილი თვისებების წყალობით, „კამპ ნოუზე”, რონალდ კუმანის „ბარსა” დაუნდბლად დაბრდღვნა.

ჩავის გარეშე, ინიესტას გარეშე, საუკეთესო ბუსკეტსის გარეშე, არასაიმედო დაცვითა და მარტო დარჩენილი მესით, ჩვენ ხელთ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევები იმ „ბარსელონასი”, რომელმაც თავის დროზე მიჯრით ექვსი დიდი ჯილდო მოიგო. სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ და მივხვდეთ, რომ წარსულში დაბრუნება შეუძლებელია. ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიყუროთ, ოღონდ არსებითზე უარი არ უნდა ვთქვათ. და ცვლილებებისაც არ უნდა შეგვეშინდეს.

„ლივერპულმა” და „ბაიერნმა” მონიშნეს გეზი, რომელსაც „პარი სენ ჟერმენიც” მიჰყვება და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ.

ახალი პრეზიდენტი გამოწვევის წინაშე დადგება. „ბარსელონა” უნდა იქცეს გუნდად, რომელსაც მოგება შეუძლია. კუმანი, თუ რამე სასწაული არ მოხდა, ყველა შეჯიბრებაში მარცხდება. და ეს მისი ბრალი არ არის. ეს საშინელი დაგეგმვის ბრალია. ჩვენ გვაქვს არასოლიდური პროექტი და ამაში სხვადასხვა დირექტორს მიუძღვის ბრალი.

ერთი კრიტერიუმი, მესის სიტყვებს თუ მოვვიშველიებთ, სიცარიელეების შევსება უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით ნეიმარის წასვლის შემდეგ. მაშინ „ბარსას” მბაპე უნდა ეყიდა, კლუბმა კი დემბელე იყიდა. ეს იყო ცუდი არჩევანი.

ასეთი შეცდომები კი კლუბის მომავალს განსაზღვრავს. მათ მესის შეცვლაც კი დასახეს მიზნად, ხოლო მსგავსი შეურაცხყოფა მას მართლაც უბიძგებს „კამპ ნოუდან” წასვლისკენ.

და თუ მესი მართლა წავა, გუნდის რეკონსტრუქცია ძალიან გაძნელდება. ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება.