თუ ვინმეა ამქვეყნად დაცვაში ძლიერი, „იუვენტუსია”. ზოგადად, იტალიურ გუნდებს შეუვალი დაცვა ახასიათებთ, მაგრამ ნათქვამია, ერთი ალილო მღვდელსაც შეცდებაო — პორტუში, „ბებერმა ქალბატონმა”, თამაშის დაწყებიდან 63 წამში მასპინძლებს გოლი „აჩუქა”. ეპიზოდი, როდესაც როდრიგო ბენტაკურმა მეკარე ვოიცეხ შჩესნისგან ბურთი მიიღო და უკანმიუხედავად დაბრუნება სცადა, ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ. შჩესნის წინ კი „პორტუს” ირანელი თავდამსხმელი მეჰდი ტარემი აღმოჩნდა. პოლონელისა და სპარსის ორთაბრძოლა ბურთის ბადეში შევარდნით დასრულდა, არადა, „იუვეს” აქამდე „ესტადიო დრაგაოზე” გოლი არ ჰქონდა გაშვებული.

შეხვედრა დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1.

სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ თამაშის დაწყებიდან ისე მალე, როგორც ეს ტარემმა შეძლო, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში 2013 წლის შემდეგ არავის გაუტანია. მაშინ, 2013 წელს კი ეს „ბაიერნის” ფეხბურთელმა დავიდ ალაბამ მოახერხა… ისევ და ისევ „იუვენტუსთან” შეხვედრაში.

ურუგვაელი ბენტაკური, რომელსაც ზემოთ ნახსენები ლაფსუსი მოუვიდა, „იუვეს” სასტარტო შემადგენლობაში არტურ მელოს ტრავმის გამო მოხვდა. შემდეგ კი გახურდა თამაში და სტუმრებს ჯანმრთელობის კიდევ ერთი პრობლემა დაემატათ — 35-ე წუთზე ჯორჯო კიელინი 22 წლის თურქმა მერიჰ დერიმალმა შეცვალა. აქ აღსანიშნავია, რომ მართალია სათადარიგოთა სკამზე იჯდა ვეტერანი ლეონარდო ბონუჩი, მაგრამ ანდრეა პირლომ მისი ჯერაც მოუშუშებელი ტრავმით მოედანზე შეშვება, როგორც ჩანს, ვერ გარისკა.

„ბებერი ქალბატონი” პირველ ტაიმში მისთვის ჩვეული თამაშით ვერ დაიკვეხნიდა და დიდად არც შესვენების შემდეგ გაუმართლა — მატჩის მეორე გოლი ისევ სტუმრების კარში გავიდა. მარჯვენა ფრთიდან უილსონ მანაფას გარღვევა მალელი მუსა მარეგას გოლით დასრულდა.

პირლომ მდგომარეობის გამოსასწორებლად მოედანზე ალვარო მორატა და არონ რემზი შეიყვანა, თუმცა „პორტუ” თავიდან მაგრად დადგა და შეძლო ჩემპიონთა ლიგაში გოლის გაშვების გარეშე 9 საათისთვის გადაეჭარბებინა.

მეტიც, „პორტუმ” კინაღამ მესამე გოლი გაიტანა — სერბმა მარკო გრუჯიჩმა, რომელიც „ლივერპულის” კუთვნილებაა, მაგრამ 2016 წლიდან ხან „ცრვენა ზვეზდაშია” იჯარით გაცემული, ხან „კარდიფ სიტიში”, ხან „ჰერტასა” და ხანაც „პორტუში”, თავით ოდნავ ააცილა მიზანს.

თუმცა, 82-ე წუთზე წარსულში არცთუ უსახელო ფეხბურთელის ენრიკო კიეზას შვილმა ფედერიკო კიეზამ ადრიენ რაბიოს პასით ოსტატურად შეამცირა სხვაობა.