დღეს 16 თებერვალია. საქართველოს ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დარჩენილია 37 დღე, შესაბამისად 5 კვირა და ევროპის საფეხბურთო კალენდრით 5 ტური.
საქართველოს ნაკრების ლეგიონერები თამაშობენ საფრანგეთში, პოლონეთში, კვიპროსზე, თურქეთში, უნგრეთში, ესპანეთში, რუსეთში… დაახლოებით 20 ფეხბურთელი… მომავალ უქმეებზე საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისში ჩამოდის, ანუ უახლოესი ტურის მატჩებს ის ვერ დაესწრება და ჰა ჰა, ქვეყნის სუპერთასის შეხვედრას თუ შეხედავს.
ახლა, ბუნებრივად ისმის კითხვა: მოასწრებს კი შვედეთთან 25 მარტის, ესპანეთთან 28 მარტის და საბერძნეთთან 31 მარტის მატჩებისთვის გამოსადეგი ფეხბურთელების საქმეში ნახვას?! ცხადია, ვერა. ჰოდა, აბა რა გამოდის? ისევ იქ მივდივართ, სადაც აქამდეც ხშირად ვყოფილვართ – მწვრთნელს შემადგენლობას რომ კარნახობდნენ. ძნელია დარწმუნება, რომ ხსენებული მატჩებისთვის სანიოლი ფეხბურთელებს თავისი გემოვნებით გამოიძახებს. სამი მატჩი კი შესარჩევი ციკლის თითქმის ნახევარია და როგორ გინდა ასეთ ვითარებაში წარმატებაზე იოცნებო?!
ნაკრების სათავეში მაინცდამაინც უცხოელის დანიშვნას თუ ეშურებოდით, ეს აქამდე გაგეკეთებინათ და თუ არა, მიგეცათ გუნდი ქართველებისთვის, რომლებმაც გაცილებით უკეთ იციან ჩვენების შესაძლებლობები. ან რომელი ჯადოქარი ვილი სანიოლია, ორი ვარჯიშის შემდეგ ნაკრები შვედეთ-ესპანეთთან კარგი შედეგისთვის ათამაშოს?! ვეჭვობ, წინ მორიგი ჩაფლავებული შესარჩევი ციკლია და პატივცემულ ფრანგთან ისეთი კონტრაქტი ყოფილა გაფორმებული, ორი წლით თანამშრომლობის გაგრძელებას რომ ითვალისწინებს…
გუშინ 15 თებერვალი იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 31-ე დაბადების დღე. ნაშუადღევს, სრულიად მოულოდნელად, ფედერაციის პრეს-სამსახურმა აღმასკომის სხდომა დააანონსა. ერთ-ორ საათში კი ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელის ვინაობა გამოცხადდა. ასე უჩუმრად, ასეთ საიდუმლო ვითარებაში ქვეყნის უპირველესი გუნდის თავკაცი ჯერ არ დანიშნულა. ჩანს, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დარწმუნებული არ იყო სანიოლის ვარიანტი თუ გამოვიდოდა და მისგან საბოლოო თანხმობა სწორედ გუშინ, ნაშუადღევს მიიღეს. ამიტომაც მოიწვიეს ასე მსწრაფლ აღმასკომის სხდომა და დაამტკიცეს კიდეც ახალი მწვრთნელი. ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანს და შიგნიდან, ბოლო ხუთი წელიწადია იქაურობა ციხის კარივით არის ჩარაზული, განსაკუთრებით საუფროსო ბოლო სართული…
ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა, ახალმა მწვრთნელმა თუ გუნდი ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვოს კომპანიაში მინიმუმ მესამე ადგილზე გაიყვანა და მომავალი „ერთა C ლიგა“ მოაგებინა, კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაგრძედებაო. კი, მაგრამ, მესამე ადგილი კარგ შედეგად უნდა ჩავთვალოთ? მეტი ამბიცია აღარ დაგვრჩა და აღარც ოცნება შეგვიძლია?!
„ვილი სანიოლი ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელი იყო. შემდეგ, წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა და საკმაო გამოცდილება დაუგროვდა,“ – ესეც ლევან კობიაშვილის გუშინდელი სიტყვებია და ვფიქრობ, სხვა კაცზე უფრო ლაპარაკობდა, ვიდრე ნაკრების ახალ მწვრთნელზე… სხვა შემთხვევაში, კობიაშვილის გარდა ვის უთქვამს სანიოლის დიდი სამწვრთნელო გამოცდილება და მით უმეტეს, წარმატებული.
აგერ, ბატონო, ფაქტი: 2013 წლის 1 ივლისდან 2014 წლის 1 ივნისამდე ის წვრთნიდა საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს; 2014 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 14 მარტამდე ხელმძღვანელობდა ფრანგულ „ბორდოს“; 2017 წლის 28 სექტემბრიდან 2017 წლის 6 ოქტომბრამდე, (დიახ, 8 დღე !!! ) იყო მიუნხენის „ბაიერნის“ სათავეში… ეს არის და ეს.
აკი, დიდი გამოცდილებაო?!
სულ, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით გუნდებმა ჩაატარეს 97 მატჩი, მოიგეს 41, ფრედ ითამაშეს 30 და წააგეს 26…
ეს არის წარმატებული კარიერა?!
და ერთიც. კობიაშვილი ამბობს: „ბევრს სურდა ჩვენთან მუშაობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ის მწვრთნელია, ვინც გვინდოდა და გვჭირდება.“
სიტყვები ხომ არ გეცნობათ? აბა, გავიხსენოთ რას ამბობდა ფედერაციის პრეზიდენტი, როცა სრულიად უიმედოდ ჩაგდებული (მოუგებლად) შესარჩევი ციკლის შემდეგ ვლადიმერ ვაისს კონტრაქტი გაუგრძელა… ვაისის მუშაობის საბოლოო შედეგი, გეხსომებათ…
ვილი სანიოლი ჩვენებისთვის რიგით 21-ე მწვრთნელია. აქამდე ჩვენებს გივი ნოდია, გიგა ნორაკიძე, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, გიგლა იმნაძე, იოჰან ბოსკამპი, რევაზ ძოძუაშვილი, ივო შუშაკი, მერაბ ჟორდანია, გოჩა ტყებუჩავა, ალან ჟირესი, გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიოლერი, პეტარ სეგრტი, ექტორ რაულ კუპერი, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე, ვლადიმერ ვაისი, რამაზ სვანაძე ხელმძღვანელობდნენ.